სერგი კაპანაძე - უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა ჩვეულებრივი იაფი პოპულიზმია

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვის შესახებ წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: 

"მიწის გაყიდვის აკრძალვის პოპულისტურ გადაწყვეტილებაზე რამდენიმე მოსაზრება:

1. მიწის ძალიან მცირე ნაწილია გაყიდული დღეს უცხოელებზე.

2. თუ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა მიწის გაყიდვა უცხოელებზე, ესე იგი, არც გაყიდიან, შესაბამისად, პრობლემაც არ არსებობს.

3. საქართველოში ფერეროს და ნერგეტას გამოცდილება აჩვენებს, რომ უცხოური კომპანიების შემოსვლამ თხილის და კივის წარმოება სხვა მასშტაბზე გადაიყვანა, რის შედეგად, თხილი დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია

4. ევროკავშირის წევრობა თუ გვინდა კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება უალტერნატივო მოთხოვნაა. თუ კონსტიტუციით აიკრძალება მიწის გაყიდვა, ესე იგი, რომელიმე მცირე პოპულისტურ პარტიას შეიძლება მივცეთ საკონსტიტუციო ბერკეტი, რომ ევროკავშირის ვალდებულება ვერ შევასრულოთ.

5. უცხოელებს მიწა არ მიაქვთ თან. იყიდიან, თუ იჯარით აიღებენ, მაინც საქართველოს კანონებით მოქმედებენ.

6. ლოგიკურად, თუ მიწის გაყიდვას ვკრძალავთ, მაშინ იქნებ სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვა, ამოღება და ა.შ. ავკრძალოთ უცხოელებზე? მოვახდინოთ ყველაფრის ნაციონალიზაცია?

7. თუ მიწა ჩემი კერძო საკუთრებაა, მაშინ, უნდა მქონდეს უფლება მასზე გავყიდო, ვინც მეტს გადამიხდის. რა შუაშია მოქალაქეობა? რუსეთის მოქალაქე არჩილ კაპანაძეზე, ან ნიკოლოზ ვაშაძეზე გაყიდვაც არ უნდა შემეძლოს?

8. შედეგი იქნება მხოლოდ ის, რომ შემცირდება მიწის მყიდველების რაოდენობა, ანუ ჯამში, მიწა გაიაფდება. შემდეგ ამ მიწას დაეპატრონებიან ადგილობრივი ქართველი ბიზნესმენები და ოლიგარქი. იაფ ფასში. თავად ამასთან მე პრობლემა არ მაქვს, მაგრამ პრობლემა მაქვს იმასთან, რომ კონკურენცია მცირდება

9. საქართველოს მოქალაქე თუ ტოვებს მოქალაქეობას და იღებს ამერიკის მოქალაქეობას, აქ მიწა უნდა გაყიდოს? ხვდებით აბსურდს?

10. არც ერთი ქვეყანა არ არსებობს მსოფლიოში, სადაც სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვის გამო ქვეყანას შეექმნა უსაფრთხოების, ან სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა. არც ერთი! პირიქით, უამრავი მაგალითი არსებობს.

ამ ყველაფრის გამო, შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ: ეს იდეა არის ჩვეულებრივი იაფი პოპულიზმი,"- წერს კაპანაძე.