“ინტერ რაომ“ საქართველოს წინააღმდეგ დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დაიწყო

რუსულმა ენერგოკომპანია „ინტერ რაომ“ საქართველოს წინააღმდეგ ელექტროტარიფების შესახებ დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში დაიწყო.

ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა „როიტერს“ განუცხადა.

„საარბიტრაჟო სასამართლოდან შეტყობინება უკვე მივიღეთ და მზად ვართ, ჩვენი პოზიციების დასაცავად“, - აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა.

სტოკჰოლმი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეტანა „ინტერ რაომაც“ დაადასტურა.

InterRao-ს ჯგუფმა საქართველოს წინააღმდეგ ორი სარჩელი შეიტანა. „როიტერის“ ცნობით, როგორც კომპანიასთან დაახლოებულმა წყარომ მათთან საუბარში აღნიშნა, სადავო თანხა 1 მაისისთვის 125 მილიონ დოლარს შეადგენს.

"ИнтерРАО-ს არ განუხორციელებია ინვესტიცია თელასში და გასულ წელს იმაზე მეტი დივიდენდი მიიღო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. რატომ უნდა გადავიხადოთ კომპენსაცია? ჩვენ ძლიერი პოზიცია გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ პოზიციების დაცვას სასამართლოში“, - განუცხადა მარიამ ვალიშვილი.

"ინტერ რაოს“ სტრუქტურები - ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V. და Gardabani Holdings B.V თელასის 75%-ს და „ხრამი 1“-სა და „ხრამი 2“-ის 100%-ს ფლობენ და ქართულ მხარეს ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკლისის კომპენსირებას სთხოვენ. ამასთან ინტერ რაოში მიიჩნევენ, რომ მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით სწორი არ იყო, რამაც მათ მილიონობით დოლარის ზარალი მიაყენა.