"ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციამ 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდე, მთლიანი სესხებისა კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო"

საქართველოს მთავრობისა და ცენტრალური ბანკის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ლარიზაციის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად დადებითად შეფასდა თანამეგობრობის მხრიდან , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ქვეყნების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მსოფლიო ეკონომიკური ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი არაერთი ქვეყნისთვის სერიოზული გამოწვევაა, რომელზეც პასუხის გაცემას მრავალი ქვეყნის მთავრობა და ცენტრალური ბანკი ცდილობს.

„ჩვენი ლარიზაციის სტრატეგიის იმპლემენტაციის დაწყებიდან სულ რაღაც 5 თვე გავიდა და დღეს უკვე შეგვიძლია გარკვეულ სტატისტიკაზე საუბარი. ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 58 პროცენტიდან 48 პროცენტამდეა შემცირებული, მთლიანი სესხების დოლარიზაციამ კი 65 პროცენტიდან 58 პროცენტამდე დაიკლო“, - განაცხადა პირველმა ვიცე პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.