დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი განვითარების გეგმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერა ერთმანეთს ემთხვევა

ჩვენი განვითარების გეგმა, რომელიც გაგვაჩნია და ის მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გვაქვს, ერთმანეთს ემთხვევა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგისთან ერთად სტუდენტებს შეხვდა. ქუმსიშვილის თქმით, შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო.

“ზოგადად, ძალიან საინტერესოა სხვადასხვა კუთხიდან დანახული საქართველოს ეკონომიკის განვითარება, ამ შემთხვევაში ჩვენ გვყავდა მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟენგი, რომელმაც მოგვახსენა მისი ხედვა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მინდა ამ შემთხვევაში გითხრათ, რომ ჩვენი განვითარების გეგმა, რომელიც გაგვაჩნია და ის მხარდაჭერა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან გვაქვს, ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ძალიან საინტერესო კითხვები გვქონდა ასევე სტუდენტებისგან, თუ რა იქნება ძირითადი მამოძრავებელი ძალა და ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც გაზრდის ჩვენს ეკონომიკას შემდეგ წლებში. რა თქმა უნდა, ეს იქნება პროდუქტიულობის ზრდა, ახალი ინვესტიციები და საექსპორტო პოტენციალი, ასევე. საექსპორტო პოტენციალის და ექსპორტის ზრდა, რომელმაც საბოლოო ჯამში პოზიტიურად უნდა იმოქმედოს ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე შემდეგ წლებში”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებთან ერთად ყოფილიყო მიმოხილული გლობალური ეკონომიკის გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზეც. “მოგეხსენებათ, რომ მცირე ზომის ღია ეკონომიკები, რომელთა რიცხვი საქართველოს განეკუთვნება, მუდმივად განიცდიან საგარეო შოკებს, ზოგს უარყოფით, ზოგს კი დადებითს. 2014-2016 წლებში რამდენიმე უარყოფითი საგარეო შოკი დაფიქსირდა, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებდა არა მხოლოდ საქართველოს ეკონომიკაზე, არამედ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებსა და ზოგადად მთელი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ეკონომიკებზე. საგარეო დეფიციტი და მაღალი დოლარიზაცია წარმოადგენს საქართველოს მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევებს. დღეს სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან ერთად ამ საკითხზეც გავამახვილეთ ყურადღება”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.