პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ნულის ტოლია
პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებული უცხოური ინვესტიციები ნულის ტოლია
14 ივნისი / 2017
„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-მარტში სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები საერთოდ არ განხორციელებულა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 403 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2016 წელთან შედარებით 3.7%-ით მეტია. აქედან სოფლის მეურნეობის წილი 0-ის ტოლია. გასულ წელს კი, საქართველოში სულ 1.64 მილიარდი დოლარის მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან სოფლის მეურნეობაში 9.9 მილიონი ჩაიდო, რაც მთლიანი ინვესტიციების 0.6%-ს შეადგენდა. გასულ წელს ამ დარგში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0% იყო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა სოფლის მეურნეობის პროექტებში აქტიურად მონაწილეობს და სოლიდური თანხაც გაიღო, ჩვენი ქვეყნის აგრარული სექტორი ინვესტორებისთვის მიმზიდველი მაინც არ არის.

რატომ არ ინტერესდებიან სოფლის მეურნეობით უცხოელი ინვესტორები? - ეს კითხვა „ბიზნესპრესნიუსმა“ ფერმერ ნინა პეტროვას დაუსვა.

„დღეს ამ დარგში ინვესტორის საქმიანობა არარენტაბელურია. ჯერ ერთი, დაწყებული პროექტების დიდი ნაწილი წარუმატებელია. მეორე ის, რომ აგროდაზღვევა პრაქტიკულად არ მუშაობს და მესამე - თავისუფალი ფული, რომელიც ფერმერების დასახმარებლად უნდა გამოიყოს, სახელმწიფოს აღარა აქვს. ინვესტორი ამ დარგში თანხას მხოლოდ მაშინ ჩადებს, როცა იმედი ექნება, რომ წლების შემდეგ უკან დაიბრუნებს. თუ ინვესტორს არ ეცოდინება, რომ მისი ფული ამ ქვეყანაში დაცული იქნება, არ გარისკავს და თანხას არ ჩადებს", - აღნიშნავს ნინა პეტროვა. 

მისივე თქმით, საქართველოში მცხოვრები ფერმერებისთვისაც არ არის ეს დარგი რენტაბელური, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ჩადებული სოლიდური თანხისა.
"კარგად დაიწყეს, მაგრამ დღეს სახელმწიფო პროგრამები ჰაერშია გამოკიდებული. თანმიმდევრული პოლიტიკაა საჭირო, მაგრამ კაბინეტებიდან და ჯიპებიდან ჩვენი პრობლემების დანახვა რთულია. ჩვენ დღეს საკუთარი სასხრებით ვუმკლავდებით და ვუძლებთ ყველაფერს. მაგალითად, მე ასჯერ მეტის დახარჯვა მიწევს, რომ ახლანდელი მდგომარეობა შევინარჩუნო, რადგან მთელი ჩემი მეურნეობა ბანკში მაქვს ჩადებული. ამას ბუნებაც თან ერთვის: არავინ იცოდა, რომ რამდენიმე დღის წინ ასეთი წვიმა და სეტყვა მოვიდოდა. ჩემი სათბურები დაიტბორა, სახურავები ქარმა მოგლიჯა, რაც წლევანდელ მოსავალზეც აისახება. კარგი იქნებოდა, თურქული პროდუქცია ქართულით ჩაგვენაცვლებინა, მაგრამ ალბათ წელსაც თურქეთიდან უნდა შემოვიტანოთ, რადგან ქართველი ფერმერები მოსახლეობის მოთხოვნილებას ისევ ვერ დააკმაყოფილებენ", - აღნიშნავს ნინა პეტროვა.

საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის და პარტია „ევროპული
საქართველოს“ წევრი გიორგი ღვინიაშვილი ამ დარგში უცხოური ინვესტიციების სიმწირეს მთავრობის პოპულისტურ პოლიტიკას აბრალებს.

"ყველაფერი იმ პოპულისტურმა პოლიტიკამ გამოიწვია, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება 2012 წლიდან ახორციელებს. შედეგიც მივიღეთ: აგრარულ სექტორში უცხოური ინევსტიციების რაოდენობა ნულის ტოლია. მაგალითისთვის თუნდაც უფასო ხვნა-თესვის პროგრამა ავიღოთ, რომელიც შეწყვიტეს. აჯობებდა ბოლომდე გაეგრძელებინათ ეს პროგრამა - ნუთუ, გლეხი ისე გაიმართა წელში, რომ დახმარება აღარ სჭირდება? გამოდის, რომ ეს ფუჭად გადაყრილი მილიონები იყო, რომელმაც სოფლის მეურნეობას ვერაფერი უშველა. დღეს, როცა საქართველო ლამის ყოველდღე ისეტყვება, გამგებლებიც კი არ მიდიან გლეხებთან სალაპარაკოდ. მილიონები გადაყარეს სეტყვის საწინააღმდეგო აპარატში, მაგრამ ჩადით კახეთში და ნახეთ: ამ სისტემას ყველა უჩივის. არ ვიცი არასწორად იყენებენ, თუ რა ხდება, მაგრამ ბოლო 2-3 წელია კახეთი მასობრივად ისეტყვება. ასეთი არასწორი და არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ის, რაც მივიღეთ. არადა, სულ სხვანაირი დაპირებები ჰქონდათ, როცა ხელისუფლებაში მოდიოდნენ. ბიძინა ივანიშვილის დაპირება 1-მილიარდიანი სოფლის მეურნეობის ფონდი იყო, მაგრამ ეს ფონდი რატომღაც, დღეს აღარავის ახსოვს. მას არავინ კითხულობს", - აღნიშნავს გიორგი ღვინიაშვილი. 
მისი თქმით, დიდი შეცდომაა უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვაც.

"ისეთი კანონი მიიღეს, სოფლის მეურნეობაში ჩადებული უცხოური ინვესტიციები სავარაუდოდ, კიდევ უფრო შემცირდება. თითქოს მთავრობის წევრები ვიღაცის გულს იგებენ, როცა ამბობენ, რომ მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს, მაგრამ თუ დასჭირდებათ, გამონაკლისებს დაუშვებენ. ეს კი, კორუფციის წყაროდ იქცევა. ეს კანონი აუცილებლად მოიტანს იმას, რომ მიწა გაუფასურდება. თითქოს, ხალხზე ზრუნავენ, მაგრამ ხომ ხედავთ რა შედეგებამდე მიგვიყვანა ამ პოპულისტურმა დამოკიდებულებამ?" - აცხადებს პარლამენტარი.

აგრარული კომიეტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული კი მიიჩნევს, რომ ჩვენ დაძაბულ და რისკიან რეგიონში ვცხოვრობთ და უცხოელები თავს იკავებენ აქ თანხის დაბანდებისგან.
„საქსტატი“ ფაქტობრივ გარემოებებს აღწერს და ამ მონაცემებშიც ჩვენი რეალობა ასახა. სამწუხაროა, რომ სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მწირია, მაგრამ ამას თავისი ახსნა აქვს: ეს ისედაც რისკიანი დარგია, თანაც, ჩვენ დაძაბულ რეგიონში ვცხოვრობთ და უცხოელი ინვესტორები აქ თანხის დაბანდებისაგან თავს იკავებენ. ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ეს დარგი ჩვენთვის შემოსავლის დამატებითი წყაროა, უცხოელს კი ვერ მოსთხოვ სრულიად უცხო ქვეყანაში დააბანდოს ინვესტიცია, ქვეყანაში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია და მას მყარი გარანტიები არ ხვდება", - აღნიშნავს გელა სამხარაული.

ინვესტიციების შემცირებაზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს - ნინო ზამბახიძეს:

"უცხოური ინვესტიციების შემცირება იმის ბრალია, რომ ქვეყანას პოპულარიზაცია სჭირდება. უცხოელებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო ბიზნესისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. ბოლო წლებში ჩვენთან სულ რამდენიმე წარმატებული უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ადგილობრივმა მეწარმეებმაც დაიწყეს ამ დარგში ინვესტიციების ჩადება. როგორც ვიცი, არაერთი უცხოური კომპანია კვლევის დონეზეა, თუ სად და როგორ დააბანდოს თავისი კაპიტალი. როცა სოფლის მეურნეობა წლების განმავლობაში მიტოვებულია, ყველა ინვესტორი სიღრმისეულად სწავლობს, ღირს თუ არა ასეთ დარგში ინვესტიციის დაბანდება. თანხა, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ ამ დარგში ჩადო, ნაყოფს რამდენიმე წლის შემდეგ გამოიღებს. აგრარული სექტორი არ არის სილამაზის სალონი, ან ტანსაცმლის მაღაზია, ამ სექტორში ჩადებული ფული ყოველთვის მრავალწლიანია და ჩვენც რამდენიმე წლის მერე ვნახავთ სრულყოფილ შედეგს. გეთანხმებით, ამ დარგს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ დაუნახავი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ შეამჩნიო, რა გაკეთდა".

ნინო ზამბახიძის თქმით, კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ მიწა უცხოელებზე არ უნდა გაიყიდოს, გამართლებული არ არის, მაგრამ მიწის გასხვისებას მაინც ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.

"მიწა საქართველოს აქტივია, აქ მცხოვრები ხალხის საკუთრებაა, ამიტომ ის გრძელვადიანი იჯარით უნდა გაიცეს, ისე, რომ ზედმიწევნით ვიცოდეთ, ვინ როგორ აპირებს მის გამოყენებას. ზედმეტმა რეგულაციებმა კი შეიძლება ბევრი ინვესტორი დააბრკოლოს. ეფექტიანი ინვესტირების მშვენიერი მაგალითია „ფერერო“, რომ არ ყოფილიყო „ფერერო“, არ იქნებოდა თხილის ბიზნესი და დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ათასობით ადამიანს ძალიან კარგი შემოსავლის წყაროც არ ექნებოდა. უცხოელი რომ შემოდის, მარტო ფული კი არ შემოაქვს, შემოაქვს ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები, ცოდნა და ძალიან ბევრი სხვა რამ. ამიტომ, უცხოელ ინვესტორებს მეტი ყურადღებით და სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ", - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე.

ხათუნა ჩიგოგიძე

კომენტარები (4)
15.06.2017
ლექსო
დავითს - რას ნიშნავს ფეხს ვერ ადგამთ? ეხლა არ არის დარეგისტრირებული მიწა თქვენს სახელზე? ვინ გედავებათ და რა საფუძვლით?
15.06.2017
დავითი
მანამ, სანამ საქართველო არჩევნებიდან არჩევნებამდე იარსებებს, მანამდე არათუ სოფლის მეურნეობას, მთლიანად ქვეყანას არაფერი ეშველება. 2 წლის წინ ერთ-ერთ რაიონში 8 ჰექტარი მიწა შევიძინე კერძო მესაკუთრისაგან, სახელმწიფოს მიერ დაანონსებულ პროგრამებში ჩართვის მიზნით, მაგრამ რამოდენიმე ადგილობრივმა დაინტერესებულმა პირმა (რომლებსაც დავასწარი ამ მიწის შეძენა) აიყოლია სოფელი და დღეს ფეხსაც ვერ ვდგამ ჩემს საკუთრებაში. დაწყებული პრემიერ მინისტრიდან, გაგრძელებელი შესაბამისი სამინისტროებისათვის, უწყებებისათვის,ფერმერთა ასოციაციისათვის, ბიზნეს ომბუცმენისათვის, პროკურატურისათვის, სასამართლოსათვის თუ ადგილობრივი ხელილუსუფლებისათვის მიმართვის მიუხედავად პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება და უფრო ღრმავდება. ბოდიში და ყველას "ფეხებზე კიდია", საკრებულოს თავმჯდომარემ პირად საუბარში განმიცხადა, მე პოლიტიკოსი ვარ ჩემთვის და არჩევნებისთვის ხალხის პოზიციის მხარდაჭერა მაწყობსო. აქვე დავამატებ რომ ეს მიწა 2011 წელს კანონის სრული დაცვით გაყიდა სახელმწიფომ აუქციონზე, მე კი 2015 წელს შევიძინე. ასეთი დამოკიდებულებით და სოფლის მეურნეობისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულებით შორს ვერ წავალთ. პ.ს. ბოლოს იმ ზომამდე მიმიყვანეს გადაცვლა ვითხოვე სხვა მიწის ნაკვეთში და ამაზეც უარი მითხრეს - "შენ არც და გყავს ნაზღაიძე და არც ფარცხალაძე ბრძანდებიო"!
რუბრიკის სხვა სიახლეები
18.10.2017
საქართველო ისრაელთან შრომითი მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს არალეგალური მიგრაციის სტატისტიკის გაუმჯობესებამდე ვერ იწყებს.
სრულად
17.10.2017
თებერვალში აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ახლანდელ ხელმძღვანელს ჯანეტ იელენს ამ პოსტზე ყოფნის ვადა ამოეწურება.
სრულად
17.10.2017
მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტი განბაჟების ახალი ტარიფის დაწესებამაც ვერ შეაჩერა.
სრულად
16.10.2017
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში დღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა
სრულად
16.10.2017
ამ ეტაპზე რესურსი არ არის იმისთვის, რომ პენსიები გაიზარდოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას განაცხადა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
18.10.2017
19.10.2017
USD
1
USD
2.4839
2.4844
EUR
1
EUR
2.9223
2.9204
GBP
1
GBP
3.2842
3.2752
RUB
100
RUB
4.3318
4.3347
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

13372-ე