დიმიტრი ქუმსიშვილი - აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს

ჩვენ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან (AIIB) გვაქვს სრული მხარდაჭერა როგორც სტრუქტურული რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების მიმართულებით , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომელიც AIIB-ის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრია და სწორედ საქართველოში განსახორციელებელი პროექტი მოხვდა ბანკის საინვესტიციო პროექტების პირველ ოცეულში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხვალ, პირველი ვიცე-პრემიერი ხელს მოაწერს შეთანხმებას აღნიშნულ ბანკთან 114 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფაზე ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის თანადაფინანსების მიზნით.

კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც პირველმა ვიცე-პრემიერმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დღეს ისაუბრა, თბილისი-ლარსის მიმართულებაა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე, შეიძლება ორმა ბანკმაც ერთობლივად დააფინანსოს.

უწყების ცნობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა არის საქართველო. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და სხვა წარმოების სექტორში ინვესტირების გზით და სხვადასხვა მრავალმხრივ და ორმხრივ განვითარების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმება 2015 წელს გაფორმდა.