„94-ე მუხლის არსებობა საპენსიო რეფორმას ხელს არ უშლის“

კონსტიტუციის 94-ე მუხლის არსებობა საპენსიო რეფორმის განხორციელებას ხელს არ უშლის. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა გიგლა მიქაუტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ რეფორმა აღნიშნულ მუხლთან წინააღმდეგობაშია, მთავრობას შეუძლია ადგილობრივ არჩევნებზე რეფერენდუმი ჩაატაროს და დიდი ალბათობით, მოსახლეობა საპენსიო რეფორმის განხორციელებას და მის ფარგლებში გადასახადის სახით, დამსაქმებლის მიერ საპენსიო ფონდში 2%-ის გადახდას მხარს დაუჭერს.

მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიამ განახლებული კონსტიტუციის კანონპროექტში ეს მუხლი დატოვა, ახალი გადასახადის დასაწესებლად რეფერენდუმის გაუქმების საკითხი ბოლო პერიოდში ისევ გააქტიურდა, რადგან მუხლის კონსტიტუციიდან ამოღების ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“, ამ საკითხის დაყენებას პარლამენტში გეგმავს.

მაშინ როცა ბიზნესგაერთიანებები, არასამთავრობო სექტორი კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღებას ეწინააღმდეგება, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის არსებობა ხელს შეუშლის საპენსიო რეფორმის განხორციელებას. საუბარია დაგროვებით საპენსიო სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში მომავალი წლიდან ამოქმედდება და რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე საპენსიო ფონდში 2%-იან შენატანს განახორციელებს, სახელმწიფო და დამსაქმებელი ვალდებული იქნება საპენსიო ანგარიშზე დამატებით 2-2%-ც გადაურიცხოს.

გიგლა მიქაუტაძის შეფასებით, დამსაქმებლის მიერ ამ 2%-ის სახელმწიფო ფონდში გადარიცხვა ირიბი გადასახადია. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიცია არ არსებობს და იურისტებიც ვერ თანხმდებიან.

„თუ ეს არის გადასახადი, მაშინ მთავრობას შეუძლია საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, ადგილობრივ არჩევნებზე რეფერენდუმი ჩაატაროს. დარწმუნებული ვარ ხალხი მხარს დაუჭერს რომ დამსაქმებელმა საპენსიო ფონდში 2% გადაიხადოს. თუ ეს არ არის გადასახადი, მაშინ საერთოდ პრობლემა არ არის. არცერთ შემთხვევაში მთავრობას საპენსიო რეფორმის გატარებაში წინააღმდეგობა არ შეექმნება. შესაბამისად, ამის გამო 94-ე მუხლის კონსტიტუციიდან ამოღება აბსურდია.

„ასევე ხშირად არის საუბარი, რომ ეს მუხლი პროგრესული გადასახადის შემოღებას უშლის ხელს. თუ საგადასახადო წნეხი არ იზრდება, მაშინ რეფერენდუმი საჭირო არ არის. ეს მუხლი სახელმწიფოს მხოლოდ გადასახადების გაზრდაში უშლის ხელს და თუ ვინმეს დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობის საგადასახადო წნეხის შემცირება უნდა, წინაღობას არ წარმოადგენს.

შესაბამისად, თუ დღეს საშემოსავლო გადასახადი 20%-ია, მთავრობა კი გადაწყვეტს, რომ საზოგადოების რომელიმე (დაბალი შემოსავლების მქონე) კატეგორიისთვის 10% გახდეს, ამის შეზღუდვა არ არსებობს,“-აღნიშნა მიქაუტაძემ.

თაია არდოტელი