დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს ხვდება

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის გენერალურ დირექტორს, შონ ო'სალივანს ხვდება.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრის დროს ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის "მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტის" შესახებ და 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის არსებულ, დაახლოებით, 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზას და ასევე, მისასვლელ გზებს, რომლებიც აღნიშნულ გზასთან დააკავშირებს სარკინიგზო სადგურებს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს.