გაზრდილი აქციზის მიუხედავად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა

იანვარ-მაისში საქართველოში უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო. ამ სასაქონლო ჯგუფმა მთელი იმპორტის 8.1 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ცნობით, გასულ თვეებში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 51 მილიონი დოლარით გაიზარდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოში.

კერძოდ, 2017 წლის იანვარ-მაისში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა 238 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის შესაბამის პერიოდში 187 მილიონი დოლარი იყო.

2017 წლის იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა. კერძოდ, ერთი ტონა ბენზინის აქციზი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდა, ერთი ტონა დიზელის საწვავის - 150 ლარიდან 400 ლარამდე, ხოლო ერთი ტონა ძრავის ზეთი - 400 ლარიდან 800 ლარამდე გაიზარდა.

გაიზარდა ასევე 1000 მ3 გათხევადებული ბუნებრივი აირის აქციზი და 80 ლარის ნაცვლად 200 ლარი გახდა.