საქსტატი - 2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა

2017 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 8 318,0 მლნ ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,1 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 5,6%-ით.

”საქსტატის” ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (16,6 პ როცენტი) და ვაჭრობა (15,3 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,4 პროცენტი), მშენებლობა (9,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,7 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (21,6 პროცენტი), კავშირგაბმულობა (11,5 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (8,7 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,0 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (7,9 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (6,8 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,3 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,6 პროცენტი), ტრანსპორტი (5,2 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-1.5 პროცენტი) და სახელმწიფო მმართველობაში (-1,3 პროცენტი).

დაზუსტებული მონაცემები 2017 წლის 15 ნოემბერს გამოქვეყნდება.