საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი გადასახადების დაწესებაზე სავალდებულო რეფერენდუმთან დაკავშირებულ 12-წლიან დათქმას არ იზიარებს

საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი არ იზიარებს საკონსტიტუციო ცვლილებების კორექტირებულ ვარიანტში ასახულ ინიციატივას, რომლის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებზე რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულება 12 წლის განმავლობაში იარსებებს.

ამის შესახებ განცხადებები მათ პარლამენტის რიგგარეშე სხომაზე გააკეთეს, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ და აღნიშნეს, რომ უმჯობესია აღნიშნული თარიღი საპარლამენტო არჩევნებს მიებას.

„მინდა შევეხო ძველი კონსტიტუციის 94-ე და ახალი კონსტიტუციის 67-ე მუხლს - აქ ფაქტია და ვენეციის კომისიის რეკომენდაციაც მსგავსია, რომ ეს ფუნქცია, რაც შეეხება გადასახადების გაზრდას ან შემცირებას, უნდა დარჩეს პარლამენტს და პარლამენტი უნდა იყოს გადამწყვეტი. 12 წლის ინტერვალით ეს გადადის გარდამავალ დებულებაში. ჩემი კითხვაა, 12 წელი რასთან არის დაკავშირებული?! რა ლოგიკაა ამაში?! რატომ 12 და არა უფრო ნაკლები? მე ვფიქრობ, უფრო სწორი და ლოგიკური იქნება, არსებულ და შემდეგ საპარლამენტო ვადას მივაბათ ეს თარიღი. ასე უფრო რაციონალური იქნება, რომ რაღაც გარანტია დაიდოს ბიზნესისთვის. გვესმის, რომ ბიზნესგარემო საჭიროებს გარკვეულ საკონსტიტუციო გარანტიას, მაგრამ უფრო რაციონალზე და გათვლაზე დაფუძნებული წლები უნდა იყოს და არა უბრალოდ 12 წელი, რომელიც გარკვეულ ახსნას საჭიროებს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

აღნიშნულ მოსაზრება გაიზიარეს დეპუტატებმა: ბექა ნაცვლიშვილმა და გია ჟორჟოლიანმა. ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია გარდამავალი დებულების ვადის განსაზღვა 2020 წლამდე.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ძირითად ნაწილში არსებული ჩანაწერი, რომელიც საერთო-სახალხო გადასახადების გაზრდას ან ახალი გადასახადის შემოღებაზე რეფერენდუმის გამართვას ითვალისწინებს, გადავა კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში. რეფერენდუმის ვალდებულება გარდამავალი დებულებების მიხედვით 12 წლის განმავლობაში იმოქმედებს.