პრემიერი - შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს გაზრდის

შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი დაშვებულია ევროპის ბაზარზე და უფრო და უფრო მეტი სახეობის დაშვება ხდება, რაც ძალიან ზრდის ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის ათვისების კუთხით, პრემიერის თქმით, მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს ვებ-პორტალი Dcfta.gov.ge, რომლის პრეზენტაციაც ორიოდე დღის წინ გაიმართა.

„შეიქმნა ვებ-პორტალი, რომელიც იქნება ინტერაქტიული, სადაც იქნება განთავსებული ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად. ეს ვებ-გვერდი იქნება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ძალიან კარგი პლატფორმა. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პრეზენტაცია და იმუშავა ამ პროექტზე. მინდა მათ გადავუხადო მადლობა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გერმანიის საელჩოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელთა ძალიან დიდი წვლილიც არის ამ პროექტის შექმნაში და წარმატებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იქნება ეს ვებ-პორტალი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მათ გამოიყენონ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.