დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, საქართველოსა და ავღანეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს.

აღინიშნა ის მიმართულებები, სადაც ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს, მათ შორისაა, ორმხრივი ვაჭრობა, სატრანსპორტო გადაზიდვები და სხვა.

”შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ქართულ კომპანიებს აქვთ ავღანეთში. განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ისეთი პროდუქციის ავღანეთში ექსპორტი, როგორიცაა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, მინერალური წყლები, ხილის წვენები, ტექსტილი, მედიკამენტები, აგრეთვე ფეროშენადნობები და ფერადი ლითონების კონცენტრატები”, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანელ სტუმარს გააცნო საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა და მის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სატრანზიტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობაზე, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც საქართველო, ისე ავღანეთი.

”შეხვედრაზე აგრეთვე გაკეთდა ვრცელი პრეზენტაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამედროვე ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით კი საბაჟო გამშვები პუნქტების შესახებ, სადაც მნიშვნელოვნადაა გამარტივებული საბაჟო პროცედურები. ყოველივე ხელს უწყობს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას”, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მსვლელობისას, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას, რომლის დროსაც საქართველოს აგრო და სამრეწველო სექტორის შესაძლებლობებს გაეცნობა.

29 ივნისს, ვიზიტის მეორე დღეს, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი იქლილ ჰაკიმი ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და მათ საქმიანობას შეისწავლის.