დიმიტრი ქუმსიშვილი - ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება რეფორმების განხორციელებაში

ავღანეთს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება იმ რეფორმების განხორციელებაში, რომლებიც ჩვენთან უკვე წარმატებით ჩატარდა, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ავღანეთის ფინანსთა მინისტრ იქლილ ჰაკიმისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, ავღანეთის ფინანსთა მინისტრი საქართველოში 2-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, აგრეთვე ბათუმისა და ფოთის ნავსადგურებს ეწვევა და იქ არსებულ საგადასახადო-საბაჟო ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს.

„ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოს გააჩნია, მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირებისა და ბიუჯეტირების მიმართულებით, არის მნიშვნელოვანი, რომლის გაზიარებაზეც ჩვენ ავღანეთის მხარესთან შევთანხმდით,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ავღანეთის ფინანსთა მინისტრის ვიზიტს საქართველოში ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი უწოდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქართველი მეწარმეებისათვის ავღანეთის ბაზრის გახსნა და იმ ძირითადი პროდუქტების შეტანა, რომლებიც საქართველოს გააჩნია. ასეთ პროდუქტებს შორის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დაასახელა: წყალი, მინერალური წყალი, ცოცხალი საქონელი და სხვა მიმართულებები, რომლითაც შესაძლებელია საქართველოდან ექსპორტის გაზრდა.