თბილისში თსუ "მაღლივ კორპუსთან" ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება , - ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა, დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხოკრიშვილის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუშინ დაასრულა მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც ფონდი თბილისის მეტროპოლიტენსა და ესპანურ კომპანია "ევროსტუდიოსთან" აწარმოებდა.
"მოლაპარაკების დასრულებისა და პროექტის ირგვლივ მიღწეული შეთანხმების დასადასტურებლად, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ჩამოვიდა. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას სწორედ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მხარეებს შორის შეთანხმება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აძლევს შესაძლებლობას, მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადოს. ახალი სადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება", - განაცხადა ხოკრიშვილმა.
მისივე თქმით, მომავალ ორშაბათს პროექტი მთლიანად და სატენდერო პაკეტი მზად იქნება, რომელიც მერიას საბოლოოდ შესათანხმებლად გადაეგზავნება, რის შემდეგაც, აზიის განვითარების ბანკის პროექტი კიდევ ერთხელ დამატებით შემოწმებას გაივლის.
ხოკრიშვილის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება კონფიდენციალურია, თუმცა ღირებულება, სავარაუდოდ, 35-42 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. პროექტი 2 წელში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც, ხოკრიშვილის თქმით, მერიის სატრანსპორტო სამსახურს გადაეცემა. მერია მიიღებს გადაწყვეტილებასაც, რა სახელს დაარქმევენ ახალ სადგურს.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს, სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 15%-ს შეადგენს.
Read this story in English: 42 million Euro’s worth subway station to be built near ‘Maghlivi’ building of TSU