"სოსიეტე ჟენერალმა" "თიბისი ბანკის" აქციები გაყიდა

ფრანგულმა "სოსიეტე ჟენერალმა" TBC Bank Group PLC-ის აქციები გაყიდა. 2,8 მილიონი აქცია საერთაშორისო ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა შეიძინეს.

როგორც თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, ეს მოსალოდნელი იყო.

”ჩვენ რესპუბლიკა ბანკი 2016 წლის ოქტომბერში შევიძინეთ. მათ თიბისი ჯგუფში მხოლოდ 5% ჰქონდათ, შესაბამისად მოლოდინი გვქონდა, რომ 2017 წლის განმავლობაში მოხდებოდა ამ აქციების რეალიზაცია”, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

TBC Group-მა "ბანკი რესპუბლიკას" აქციების 93,64% გასულ წელს 315 მილიონ ლარად შეიძინა. გარიგების შედეგად, „სოსიეტე ჟენერალი" თიბისი ბანკის ერთ-ერთი მსხვილი აქციონერი იყო და აქციების 5,4%-ს ფლობდა.