წინასწარი შეფასებით, მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.3% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის მაისში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5.3%-ს შეადგენს. შესაბამისად, 2017 წლის იანვარი-მაისის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.5% შეადგინა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან იუწყებიან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა.

„ეს სასიხარულო ფაქტორია, ვინაიდან 2017 წლიდან ზრდის პოზიტიური ტენდენცია გვაქვს, რომელსაც, დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე შევინარჩუნებთ“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე განცხადებით, რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ ფაქტორებს - საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა მაისში 17%-ით, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს.

„გარდა ამისა, დარგობრივ ჭრილში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ისეთ სფეროებში, როგორიც არის ტრანსპორტი, გადამამუშავებელი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავი ქონება და ა.შ. ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები. კერძოდ, 2017 წლის 5 თვეში ექსპორტი გაიზარდა 28.7%-ით“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დადებითი ტენდენციები გვაქვს ფულადი გზავნილების კუთხითაც, მხოლოდ მაისში ფულადი გზავნილები 24.2%-ით გაიზარდა.

„ასევე მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები გვაქვს ტურიზმის მიმართულებით, 2017 წლის მაისში ტურიზმი გაიზარდა 14%-ით. რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ შიდა ფაქტორებს, მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენციები გვაქვს კაპიტალური ხარჯების მიმართულებით, მთავრობის კაპიტალური ინვესტიციები იზრდება, რაც დადებითად მოქმედებს ეკონომიკურ ზრდაზე. ჯამში გაუმჯობესებული საგარეო ფაქტორების და მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე ჩვენ წლის ბოლომდე ზრდის დადებითი ტენდენციების გაგრძელებას ვვარაუდობთ“, - განაცხადა ჯავახაძემ.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, 2017 წლის მაისში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზეც ხდება დაკვირვება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.

”მიმდინარე წლის მაისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: დამამუშავებელი მრეწველობა - ზრდა 8%; ტრანსპორტი - ზრდა 15%; ვაჭრობა - ზრდა 8%; სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურება - ზრდა 23%; ოპერაციები უძრავი ქონებით - ზრდა 22%.

2017 წლის მაისში მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განაპირობა საქართველოს საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესებულმა მონაცემებმა და შესაბამისი სექტორების მიერ გამოშვებული პროდუქციის ექსპორტის ზრდამ. კერძოდ: 2017 წლის მაისში გაიზარდა ექსპორტი: სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 134%-ით; ღვინო - 60%-ით; სპირტიანი სასმელები - 93%-ით; მინერალური წყლები - 25%-ით; აზოტოვანი სასუქები - 16%-ით.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 28.7%-ით გაიზარდა. შესაბამისად, 2017 წლის მაისში წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 2.9 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

საქონლის ექსპორტის ზრდა მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ექსპორტირებულ საქონელზე მოთხოვნის ზრდასთან.

საერთაშორისო ვაჭრობის გარდა, 2017 წლის მაისში გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც, მათ შორის: 24.2%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 115 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად, ამ მაჩვენებლის ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.

პოზიტიური ტენდენციაა მომსახურების ექსპორტის თვალსაზრისითაც. გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. მაისში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 14%-ით (25.4 მლნაშშ დოლარით) გაიზარდა და 203.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

მშპ-ს ზრდაზე პოზიტიური გავლენა აქვს კაპიტალური ხარჯების ზრდასაც. 2017 წლის მაისში კაპიტალური ხარჯების მაღალი ზრდა დაფიქსირდა, დაახლოებით 50 მლნ ლარის ოდენობით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საგარეო შოკების გადალახვის ტენდენცია და ასევე მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზეც, რამაც პოზიტიური გავლენა მოახდინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე”, - აცხადებენ სამინისტროში.