ბაკურიანში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ბაკურიანში ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით, ბაკურიანში ზაფხულის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბავშვებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის შემეცნებით-გასართობი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივებმა, ასევე სპორტსკოლის ბავშვებმა და დამსვენებლებმა. გონდოლას ზედა სადგურთან მოეწყო სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის აქტივობები მიმდინარეობდა. ბავშვები ერთმანეთს შეეჯიბრნენ მხიარული სტარტების ტიპის თამაშებში, სადაც საჭიროა კრეატივი და სისწრაფე: (ჰულაჰუფის გვირაბი, ტომრების შეჯიბრი, ბალახის თხილამურები, საბურავების ბარიერი, ბურთის სროლა მიზანში, კაპიტნების შეჯიბრი, ფეხის ბილიარდი).

მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ასევე მოეწყო სპეციალური ტერიტორიები. ისინი განაწილდნენ ჯგუფებად და ერთმანეთს სხვადასხვა სახის თამაშებში შეეჯიბრნენ. დიდველის ზედა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე სტუმრებისთვის განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია მოეწყო.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა შეჯიბრებაში გამარჯვებულების დაჯილდოება. საბაგირო მთელი დღის მანძილზე უფასოდ მუშაობდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა საზოგადოებას ბაკურიანში ზაფხულის სეზონის ოფიციალურად გახსნა მიულოცა და აუწყა, რომ საბაგიროები 11:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. მანვე დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრა.

”დაახლოებით ერთ თვეში, ბაკურიანში, ბიატლონის ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ყველაზე მსხვილი პროექტია, რაც კი გაკეთებულა ბაკურიანში. ეს არის დაახლოებით 11-კილომეტრიანი მოასფალტებული გზა და პარკი, სარეკრეაციო ზონა, სადაც ნებისმიერ ახალგაზრდას და პატარას ექნება სპორტით დაკავებისა და გართობის საშუალება. ასევე დაგეგმილია, ყინულის სასახლისა და ტრამპლინზე ხტომის ინფრასტრუქტურის მოწყობა. ორი წელია ვიზიტორების თვალსაზრისით ბაკურიანში რეკორდი ფიქსირდება. არ მგონია, რომ ამ რეკორდის მოხსნა გაგვიჭირდეს. ყველას გიწვევთ ბაკურიანში”, - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი.

”ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველო პარკი და ველობილიკი, რომელიც გათვლილია როგორც პროფესიონალი ველომრბოლელებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის. 2016 წელს კი, ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო -სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. „მთის ციგა“ დამონტაჟდა, რომლის მშენებლობა სლოვაკურმა კომპანია TATRALIFT-მა უზრუნველყო. ატრაქციონი როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულშიც ფუნქციონირებს”, - აცხადებენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.