რვადღიანი ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი დაეცა

ნავთობის ფასმა დღეს კლება იწყო, რითიც ზრდის რვადღიანი ციკლი შეწყდა.

ნავთობის ფასის ზრდა, აშშ-ში მოპოვების შემცირების შედეგი იყო. კლებას კი ანალტიკოსები აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული არდადეგებით ხსნიან, რა დროსაც ბაზარზე აქტივობა და შესაბამისად მოთხოვნაც, შემცირებულია.

ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 22 ცენტით, 49.46 დოლარამდე შემცირდა. 20 ცენტით - 46.87 დოლარამდე გაიაფდა WTI-ის ნედლი ნავთობი.

ამერიკული არდადეგების ფაქტორის გარდა, ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა, ტექნიკური ანალიზის მხრივ, ძლიერი ბარიერის - 50-დოლარიანი ზღვარის გადალახვაც ვერ შეძლო.

მაისის მეორე ნახევარსა და ივნისის დასაწყისში, ნავთობის ფასს კურსი კლებისკენ ჰქონდა, რისი მთავარი მიზეზი, სწორედ შეერთებულ შტატებში მოპოვების ზრდა იყო. პარალელურად, გაჩნდა რეალური ეჭვი, რომ OPEC-ის მონაწილე და სხვა ნავთობ-ექსპორტიორი ქვეყნების მიერ, ნავთობის გლობალურ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვის პაქტის გაგრძელება, ჭარბ მიწოდებას ვერ დააბალანსებს. მაგრამ ივნისის მეორე ნახევარში ბაზარზე განწყობამ საპირისპიროდ ცვლა დაიწყო. ამას კი ხელი ამერიკაში ნავთობის მოპოვების შეკვეცამ და მომპოვებელი ჭაბურღილების რიცხვის შემცირებამ შეუწყო.

ფასების რვადღიანი ზრდა იმის მიუხედავად ხდებოდა, რომ OPEC-მა დღიური მოპოვება 32.72 მილიონ ბარელამდე გაზარდა. ეს ლიბიისა და ნიგერიის ხარჯზე მოხდა, სადაც ცოტა ხნით ადრე, მოპოვება შეფერხებული იყო. მაგალითად, ლიბიის დღიურმა მოპოვებამ მილიონ ბარელს მიაღწია, რაც ბოლო ოთხი წლის მაქსიმუმია.

„BMI რისერჩის“ პროგნოზით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში, ბრენტ მარკის საშუალო ფასი ბარელში 54 დოლარს მიაღწევს. WTI-ს საშუალო ფასი კი 51 დოლარის სიახლოვეს იქნება.