საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტმა 85,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც მაისის მაჩვენებელთან შედარებით 0.6 ათასი ტონით ნაკლებია.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 456,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 62,6 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

ორგანიზაციის ცნობით, ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა 39,0 ათასი ტონ, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 46,0 ათასი ტონა შეადგინა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ივნისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტის მონაცემები ასე გამოიყურება: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 27,7 ათასი ტონა ანუ 71%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 10,9 ათასი ტონა ანუ 28%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,4 ათასი ტონა ანუ 1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა 50PPM (ევრო დიზელი) – 46,0 ათასი ტონა ანუ 100% შეადგინა.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ივნისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუმინეთიდან განხორციელდა და 26,9 ათასი ტონა შეადგინა, ეს მონაცემი მთელი იმპორტის 31,6%-ია. შემდეგ მოდიან თურქმენეთი - 20,3 ათასი ტონა (23,9%), ბულგარეთი - 11,8 ათასი ტონა (13,9%), აზერბაიჯანი 11,7 ათასი ტონა (13,8%), რუსეთი - 9,7 ათასი ტონა (11,4%), საბერძნეთი - 4,4 ათასი ტონა (5,2%), უკრაინა - 0,2 ათასი ტონა (0,2%).

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებს, ნავთობიმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2017 წლის ივნისში საქართველოში 13,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, რაც 4,6 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 94,9% ა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან განხორციელდ. სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა 40,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 7,9 ათასი ტონით ანუ 19,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წლის ივნისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

2017 წლის ივნისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 4,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,9 ათასი ტონით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა 32,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,2 ათასი ტონით ანუ 3,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

როგორც ნავთობიმპორტიორთა კავშირიდან იუწყებიან 2017 წლის ივნისში საქართველოში პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა 2,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,4 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა 7,0 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 31,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.