ევროს გლობალური მოხმარება შემცირდა

ევროს, როგორც საერთაშორისო საგადამხდელო საშუალების გამოყენება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შემცირებულია.

როგორც "როიტერი" წერს, ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ამის მთავარი მიზეზი, პოლიტიკური რისკები და განვითარებადი ბაზრების ვალუტების, მათ შორის ჩინური იუანის სულ უფრო ხშირი გამოყენებაა.

ყველაზე მეტად ევროზე მოთხოვნა, როგორც ფინანსირების ვალუტაზე, შემცირდა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ევროპული ვალუტის კურსის დაცემის დროს, ევროთი განხორციელებულ ფინანსურ გარიგებათა ჰეჯირება მეტისმეტად ძვირი ჯდება.

„მარტივად რომ ვთქვათ, ევრომ როგორც საერთაშორისო ვალუტამ, წონა დაკარგა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ევრო საერთაშორისო მონეტარულ სისტემაში, კვლავაც მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ვალუტაა და ამ მხრივ, კონკურენტი არც ჰყავს“, - ამბობს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) საბჭოს წევრი ბენუა ქეორი.

ყოველივეს მიუხედავად, ცენტრალური ბანკები ევროს რეზერვებს კვლავ ზრდიან, რასაც ნაწილობრივ ის გარემოება განაპირობებს, რომ ევროკავშირი ნელა, მაგრამ მაინც ახერხებს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას.

თავის მხრივ, ევროპის ცენტრალური ბანკი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ სულ უფრო მეტად იზრდება ჩინური ვალუტის მნიშვნელობა და ამიტომ, თავისი საგარეო სავალუტო რეზერვებიდან, 500 მილიონი ევრო იუანში დააბანდა. ამასთან, ქეორი არ გამორიცხავს, რომ ჩინური ვალუტის შესყიდვები კვლავ გაგრძელდება.

„გვჯერა, რომ იუანი ჩვენს დივერსიფიცირებულ პორტფელში განსაკუთრებულ ადგილს იმსახურებს. გვსურს, რომ ჩვენი რეზერვები ლიკვიდური იყოს და მისი გამოყენება დაუყოვნებლივ შეგვეძლოს. თუ ეს ნაბიჯი წარმატებული იქნება, იუანის უფრო მეტ რეზერვებს შევქმნით“, - დასძენს ECB-ს დიდმოხელე.

გასული წლის ბოლოს, გლობალური მასშტაბით საგარეო რეზერვების დაახლოებით 20 პროცენტი ევროში იყო დაბანდებული. ქეორის თქმით, ეს მაჩვენებელი სულ უფრო გაიზრდება. ამ მხრივ, მსოფლიოს ფინანსურ სამყაროში გამორჩეული ლიდერი დოლარია, რომელზეც საერთაშორისო რეზერვების და სესხების დაახლოებით ორი-მესამედი მოდის.