ციფრული ვალუტების ვარდნა შეჩერდა

ბიტკოინის და ითერიუმის ფასების ვარდნა ორშაბათს შეჩერდა და მცირედით გაიზარდა კიდეც.

ვარდნა ძირითადად გამოიწვია სკეპტიკოსების მტკიცებამ იმის შესახებ, რომ ციფრული ვალუტების ფასები მეტისმეტად გაბერილია და ადრე თუ გვიან, ამას მკვეთრი კლება მოჰყვება. თუმცა, ბიტკოინის შემთხვევაში, ვარდნას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს.

კვირას ამერიკულ ბაზარზე ბიტკოინის ფასი 1 758.20 დოლარამდე დაეცა, რაც 16 მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დღეს კი ფასი 6.6 პროცენტით, ანუ 128.90 დოლარით გაიზარდა და 2 081.10 დოლარს მიაღწია. მსგავსი ტენდენციაა ითერიუმთან დაკავშირებითაც. კვირას მისი ფასი 130.26 დოლარამდე დაეცა, თუმცა ორშაბათს 15.2 პროცენტით გაიზარდა და 179.64 დოლარს მიაღწია.

ბიტკოინს 1 აგვისტოს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. საქმე ისაა, რომ ამ დღეს უნდა განიხილონ ეგრეთ წოდებული შემოთავაზება 148, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის მახასიათებლების გაუმჯობესებას მოიაზრებს. და თუ ამ ბიზნესის მონაწილეთა უმეტესობა ამას მხარს არ დაუჭერს, ბიტკოინს გაურკვეველი მომავალი და შესაძლო გაყოფაც (ორ ვალუტად) ელის. ამის გამო, ამერიკული სავაჭრო პლატფორმა GDAX-ი შეიძლება მცირე ხნით გაჩერდეს კიდეც.

რაც შეეხება ითერიუმს, მისი ფასის კლება უკვე ოთხი კვირაა გრძელდება. ამას წმინდა ტექნიკური მიზეზი აქვს და ვალუტა მკვეთრი ზრდის შემდეგ, კორექციულ ფაზაშია.

ივნისში ვალუტის ფასმა 400 დოლარსაც კი მიაღწია, თუმცა მას შემდეგ 55 პროცენტზე მეტით გაუფასურდა.

დაახლოებით მსგავსი სიტუაციაა სხვა ციფრული ვალუტების - რიპლის, ლაიტკოინის, დაშის და სხვათა ფასებთან დაკავშირებითაც. ციფრული ვალუტების მსოფლიო ბაზრის კაპიტალიზაციამ პიკს (116 მილიარდი დოლარი) ივნისში მიაღწია, თუმცა მას შემდეგ 38 მილიარდით შემცირდა.