გიორგი კვირიკაშვილი - უკრაინა რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში

უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ის რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-უკრაინის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანას გააჩნია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან, არც ერთი ქვეყანა არ იშურებს ძალისხმევას, რომ ევროპულ სტანდარტებს დაუახლოოს საკუთარი კანონმდებლობა და ინსტიტუციები; ორივე ქვეყანა მონაწილეობს გლობალური მნიშვნელობის რეგიონალურ სატრანზიტო-სატრანსპორტო პროექტებში.

”მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ ყველა შესაძლებლობა ათვისებული არ არის როგორც სავაჭრო, ისე საინვესტიციო და ერთობლივი საწარმოების შექმნის კუთხით. ორმხრივი ვაჭრობის კუთხით შემდგომი ზრდის სერიოზული პოტენციალი გაგვაჩნია. 2016 წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 500 მლნ აშშ დოლარამდეა და აშკარაა შემდგომი გაფართოების შესაძლებლობა. ასევე სერიოზულ პერსპექტივებს ვხედავთ საინვესტიციო ნაკადების ზრდის მიმართულებით. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ინვესტორებს სთავაზობს ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს, რომელიც კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება საქართველოს მიერ გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელსაც ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოეწერა. ეს შეთანხმება მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს უკრაინელ ინვესტორებს და გჯერა, რომ იგი დამატებით ბიძგს მისცემს ქართულ-უკრაინული საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებას. ამიტომაც ვფიქრობ, რომ დღევანდელი ბიზნესფორუმი კარგი შესაძლებლობაა ამ მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველო უკანასკნელ პერიოდში აქტიურად და წარმატებულად ახორციელებს მთელ რიგ რეფორმებსა და ცვლილებებს, რაც აისახა კიდეც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის რეიტინგებში.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ 2016-2017 წლების „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ 138 ქვეყანას შორის, საქართველო 59-ე ადგილზეა, 2012-2013 წლებთან შედარებით 18 პოზიციით დაწინაურდა. „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ 2017 წლის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის საქართველო მე-16 ადგილს იკავებს; „Heritage Foundation“-ის 2017 წლის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“ საქართველო, 2012 წელთან შედარებით, 21 ადგილით დაწინაურდა და 180 ქვეყანას შორის 13-ე ადგილს იკავებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის პროგრესი, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ხელისუფლების დროს მიაღწია საკუთრების დაცვის მიმართულებით. აღნიშნულ რეიტინგში მაჩვენებელი თითქმის გააორმაგა. გასულ წელს ჩვენ დავიწყეთ 4-პუნქტიანი გეგმის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნაზე მიმართული რეფორმების განხორციელებას, საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესებას, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის დაჩქარებულ მოდერნიზაციასა და მშენებლობას, საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციას როგორც უმაღლესი, ასევე პროფესიული განათლების კუთხით, ღია მმართველობას და ბიზნესსექტორის მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.