იანვარ-ივნისში ექსპორტი 30,1 პროცენტი, იმპორტი კი 8,8 პროცენტით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით, საქართველოს საგარეო ვაჭრობის წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს.

როგორც „საქსტატი“ იუწყება, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4822.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13.5 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1234.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს (30.1 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 3588.2 მლნ აშშ დოლარს (8.8 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივნისში 2354.0 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48.8 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 982.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 30.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1303.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.9 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 294,7 მლნ აშშ დოლარი იყო (30,4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1008.5 მლნ აშშ დოლარი (6.3 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 27.0 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 23.9 პროცენტი და იმპორტში 28.1 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 27.7, 23.8 და 28.8 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 30.3 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივნისში 30.8 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2017 წლის იანვარ-ივნისში 1539.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (2016 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 34.4 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტი 474.1 მლნ აშშ დოლარი (61.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1065.1 მლნ აშშ დოლარი იყო (25.2 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 31.9 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38.4 პროცენტი და იმპორტში 29.7 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივნისში შესაბამისად 27.0, 31.0 და 25.8 პროცენტი). 2017 წლის იანვარ-ივნისში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 25.1 პროცენტი (2016 წლის იანვარ-ივნისში 23.7 პროცენტი).

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66.0 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (731.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (518.3 მლნ აშშ დოლარი) და ჩინეთი (412.2 მლნ აშშ დოლარი).

2017 წლის იანვარ-ივნისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 216.1 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 17.5 პროცენტი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი 153.5 მლნ აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 12.4 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 84.8 მლნ აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 6.9 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2017 წლის იანვარ-ივნისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო, რომლის იმპორტმა 285.2 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 222.4 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6.2 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე ნავთობის აირების და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 182.2 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5.1 პროცენტი).