გიორგი გახარიამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მნიშვნელობა და როლი განმარტა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ექსპორტის საკრედიტო სააგენტოს მნიშვნელობა და როლი განმარტა.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ექსპორტის საკრედიტო სააგენტო მხარს დაუჭერს საექსპორტო ოპერაციებს და კონკრეტულ კომპანიებს დაეხმარება ექსპორტის განხორციელებაში.

მისი თქმით, ექსპორტის მხარდამჭერი საკრედიტო სააგენტოს კანონპროექტი უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

"ყოველთვის ინტერესს იწვევდა კომერციული ატაშე და ექსპორტის საკრედიტო სააგენტო. ამ წრის ფუნქცია არის შემდეგში: პირველი - ეკონომიკის სამინისტრო აგროვებს ინფორმაციას ქვეყნების ჭრილში - სად, რომელ ბაზარზე რა პოტენციალი არსებობს ქართული ექსპორტის გასაძლიერებლად. მეორე - ექსპორტის მხარდამჭერი სააგენტო არის სააგენტო, რომელიც არის ფინანსური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს კონკრეტულ საექსპერტო ოპერაციას ან კონკრეტულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ექსპორტს. ასევე, "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ცალკე მიმართულებაა, რომელიც იქნება ექსპორტის მხარდამჭერი, მას ეყოლება კონკრეტული პორტფელური მენეჯერი, რომელიც მხარს დაუჭერს პროდუქტულ ჭრილში კონკრეტულ ნომენკლატურას, რათა მისი ექსპორტი განხორციელდეს. ეს არის წრე და შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ ასეთ სტრუქტურას - პირველი - გვაქვს ეკონომიკის სამინისტრო, მეორე - გვაქვს ექსპორტის მხარდამჭერი სააგენტო, როგორც ფინანსური ინსტრუმენტი და მესამე - გვყავს კომერციული ატაშეები. ამ წრის ფარგლებში ამოქმედებულია ყველაფერი, გარდა საკრედიტო სააგენტოსი, რომლის კანონპროექტიც შექმნილია და უახლოეს პერიოდში ესეც ამოქმედდება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.