კიტრის წარმოება ბოლო ხუთ წელიწადში 20 900 ტონით შემცირდა

კიტრის წარმოებაში 2012 წლიდან კლება შეინიშნება. 2016 წლის ”საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს, კიტრის წარმოებამ 17 800 ტონა შეადგინა, რაც 2015 წელთან შედარებით 8 900 ტონით ნაკლებია.

"საქსტატის” მონაცემებით, 2012 წლიდან 2016 წლამდე კიტრის მოსავალი 20 900 ტონით შემცირდა.

2016 წელს კიტრის ექსპორტიორი ქვეყნები იყო რუსეთი (98%) და უკრაინა (2%).  2016 წელს 2015 წელთან შედარებით, კიტრის ექსპორტი 363 ათასი დოლარით გაიზარდა და 495 ათასი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს - 2016 წელს კიტრის იმპორტიორი ქვეყნები იყო თურქეთი (96%) და ირანი (4%). საქსტატის ცნობით, 2015 წელთან შედარებით კიტრის იმპორტი 16 ათასი დოლარით გაიზარდა.

საქართველოში ბოსტნეული კულტურების წარმოებული რაოდენობის მიხედვით, კიტრი მეორე ადგილზეა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი კლიმატური პირობები და კიტრის მაღალი კვებითი მახასიათებლები კიტრის არასეზონური წარმოების განვითრების კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს.

კიტრს ისეთი საინვესტიციო შესაძლებლობები აქვს, როგორებიცაა:

• ჩითილების (სათბურებში გამოზრდილი მცენარეები) წარმოების განვითარება

• წარმოების საშუალებების (სასათბურე კოსტრუქციები, მინის მასალები, გათბობის სისტემები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, სასუქები და სხვა) მიწოდება

• ღია და დახურულ გრუნტში წარმოება

• დამატებითი ღირებულების შესაქმნელად მომსახურების მიწოდება

• სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარებისა და ხელსაწყოების მიწოდება

• გადამამუშავებელი მოწყობილობებისა და ტექნოლოგიების მიწოდება

• პირველადი და გადამუშავებული პროდუქციისთვის შესაფუთი მასალების (ყუთები, ქილები და სხვა) წარმოება

• სატვირთო გადაზიდვების მომსახურების მიწოდება, რომელიც აღჭურვილია კლიმატკონროლირებული სისტემით.

საქართველოში კიტრის ძირითადი მწარმოებელი რეგიონებია: კახეთი, ქვემო ქართლი და იმერეთი.