ჭანტურიას ქუჩის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, დღის ბოლოდან, ჭანტურიას ქუჩაზე - თაბუკაშვილის ქუჩის კვეთიდან ათონელის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირიდან ორბელიანის მოედნისკენ მოძრავი მიკროავტობუსები ჭანტურიას ქუჩის ნაცვლად, ფურცელაძის ქუჩაზე ჩაუხვევენ, ხოლო ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106 და N112 თავისუფლების მოედნიდან სვლას ბარათაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ, კონკასთან მობრუნდებიან, შეუხვევენ ორბელიანის მოედანზე, გაივლიან ვეკუასა და ფხოვის ქუჩებს და მოძრაობას დადგენილ გაჩერებებზე დაასრულებენ.

ავტობუსები: N20 და N23 მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ათონელის ქუჩაზე მობრუნდებიან და სვლას ჩვეული მარშრუტით განაგრძობენ.

თბილისის მერია მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.