საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2017 წელს მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 3,5% იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მიმდინარე და მომავალი წლებისთვის მსოფლიო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეინარჩუნა.

ფონდის ივლისის თვის ანგარიშის თანახმად,  გლობალური მშპ-ის ზრდა 2017 წელს 3.5% იქნება, 2018 წელს კი 3.6%.

"წყაროების დივერსიფიკაცია გვაძლევს იმის მოლდონს, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდა 2018 წლის შემდეგაც გაგრძელდება",  - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა.

მისი თქმით, თუ აშშ, ევროპა და იაპონია განახორციელებენ სტრუქტურულ და საგადასახადო რეფორმებს და ინვესტიციებს ჩადებენ ინფრასტრუქტურაში, ზრდის პერიოდი კიდევ გაიზრდება.

სავალუტო ფონდმა შეამცირა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ფონდის ანგარიშის თანახმად, 2017 და 2018 წელს აშშ-ის ეკონომიკური ზრდა 2,1 პროცენტი იქნება ნაცვლად მანამდე ნავარაუდევი 2.3 და 2.5 პროცენტისა.

რაც შეეხება ევროზონას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით,  2017 წელს ევროზონის მშპ-ს ზრდა 1.9%-ს შეადგენს.