უმსხვილესი იტალიური კომპანია  C.M.C. საქართველოში საქმიანობას იწყებს (+ვიდეო)

,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” და იტალიის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია C.M.C.

საქართველოში ინდუსტრიულ ერთობლივ საწარმოს დააფუძნებენ, რომელიც მასშტაბური ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას.

"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ინფორმაციით, საუბარია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის, სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებზე. 

"ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ინოვაციური საინჟინრო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს მსხვილი სამშენებლო პროექტების განხორციელებისას. ამასთან, ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ გაფორმებული პარტნიორობით აკეთებს ბიზნეს საქმიანობის მნიშვნელოვანი გაფართოების შესახებ განაცხადს. თავის მხრივ, C.M.C ჯგუფი საქართველოს ბაზარზე შემოდის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული პროექტისთვის, არამედ სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რაც გრძელვადიან თანამშრომლობას გულისხმობს", - ნათქვამია ინდუსტრიული ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

C.M.C. ერთ-ერთი უმსხვილესი იტალიური სამშენებლო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში ცნობილია მასშტაბური პროექტების განხორციელებით სატრანსპორტო, ჰიდრო და წყალმომარაგების, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი, ასევე საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურების მიმართულებებით.

2016 წელს კომპანიის კაპიტალბრუნვამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ამასთან მიმდინარე პროექტების საპორტფელო ღირებულება 4 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

ბოლო 40 წლის განმავლობაში, კომპანიის საქმიანობის 2/3-ზე მეტი გადანაწილებულია შემდეგ ქვეყნებზე: ალჟირი, ანგოლა, აშშ, არგენტინა, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, ეგვიპტე, კენია, ლაოსი, ლიბანი, მალავი, მაროკო, მოზამბიკი, ნამიბია, ნეპალი, პაკისტანი, ფილიპინები, სინგაპური, სამხერთ აფრიკა, შვედეთი, ჩილე, ჩინეთი, შვედეთი, ტაილანდი, ზამბია.

კომპანიის პროექტებიდან შეიძლება აღინიშნოს დიდი ბეირუთის სასმელი წყლით მომარაგების სისტემა (ლიბანი), ისმაილიას სატრანსპორტო გვირაბი სუეცის არხის ქვეშ (ეგვიპტე), მატილტანის ჰიდროელექტროსადგური (პაკისტანი), მადდალენას ჩქაროსნული სარკინიგზო ტუნელი ტურინსა და ლიონს შორის (იტალია, საფრანგეთი).

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE