ნავთობის ფასი მეშვიდე დღეა იზრდება

ნავთობის ფასი უკვე ზედიზედ მეშვიდე სავაჭრო სესიის განმავლობაში იზრდება. ამის მიზეზი ისაა, რომ გლობალურ ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის აღდგენის ნიშნები გამოჩნდა.

ამერიკული WTI (დასავლეთ ტექსასური საშუალო) მარკის ნავთობის ბარელის ფასი 10 ცენტით (დახლოებით 0.2%), 50.27 დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ წინა სესიაზე, ფასი მცირე ხნით, 25 მაისის მაქსიმუმსაც (50.41 დოლარი) შეეხო.

ბრენტ მარკის ოქტომბრის ფიუჩერსების (ბარელის) ფასი ლონდონის სესიაზე მხოლოდ 5 ცენტით, 52.77 დოლარამდე გაიზარდა. წინა სესიაზე ის მცირე ხნით, ბოლო ორი თვის მაქსიმუმს, 52.90 დოლარს მისწვდა.

ივლისში, ნავთობის ფასის ერთი თვის განმავლობაში ზრდის, ბოლო ერთი წლის მაქსიმუმი დაფიქსირდა. კერძოდ, ამერიკული მარკა WTI-ს ბარელი ნავთობის ფასი 9 პროცენტით გაიზარდა, ბრენტის ფასმა კი 10 პროცენტით მოიმატა.

ფასის ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ საუდის არაბეთმა და ნიგერიამ ნავთობის ექსპორტი შეამცირეს. გარდა ამისა, ამერიკაში ფიქალური ნავთობის მოპოვების შემცირების ტენდენცია შეინიშნება. უფრო მეტიც, ანალიტიკოსები ელიან, რომ ამერიკის ნავთობის ინსტიტუტი და ამერიკის ენერგეტიკის ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრი მოპოვების კიდევ უფრო შემცირების შესახებ გვამცნობენ.