ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება

ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი ახორციელებს. ვანში დაგეგმილია ძველი მუზეუმის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა, ასევე, მუზეუმი სპეციალური ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყლისა და კანალიზაციის ქსელს. მოეწყობა ავტოპარკი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, საოფისე ოთახები, რომლებიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ადგილზე უკვე მიმდინარეობს ახალი ოთხსართულიანი მუზეუმის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში განახლდება საფეხმავლო ხიდიც, რომელიც მუზეუმის შენობას არქეოლოგიურ ნაწილთან დააკავშირებს.

„პროექტის დასრულების შემდეგ მუზეუმი საერთაშორისო სტანდარტებს გაუტოლდება და ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული იქნება“, - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 14,5 მილიონი ლარს შეადგენს, 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

იხილე ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე