ივლისში ნავთობპროდუქტების იმპორტი 34,4 ათასი ტონით გაიზარდა

2017 წლის ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 119,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 34,4 ათასი ტონით ანუ 40,5%-ით აღემატება ივნისის მაჩვენებელს.

მათ შორის, წინა თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა 52,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 66,7 ათასი ტონა შეადგინა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, საწვავის კატეგორიების მიხედვით ივლისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 37,4 ათასი ტონა ანუ 71%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 14,7 ათასი ტონა ანუ 27,9%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,6 ათასი ტონა ანუ 1,1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 65,7 ათასი ტონა ანუ 98,5%, L-62 დიზელის საწვავის იმპორტი ივლისში არ განხორციელებულა, DT – 1,0 ათასი ტონა ანუ 1,5%.

ქვეყნების მიხედვით 2017 წლის ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 34,9 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 29,2%), აზერბაიჯანიდან 28,3 ათასი ტონა (23,7%), თურქმენეთიდან - 19,2 ათასი ტონა (16,1%), ბულგარეთიდან - 19,0 ათასი ტონა (15,9%), რუსეთიდან - 10,8 ათასი ტონა (9,0%), საბერძნეთიდან - 5,3 ათასი ტონა (4,4%), უკრაინიდან - 1,9 ათასი ტონა (1,6%) და სხვ.

რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებს, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში 13,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, რაც 0,2 ათასი ტონით აღემატება ივნისის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 93,5 % ირანის ისლამური რესპუბლიკიდან განხორციელდა.

2017 წლის ივლისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 0,1 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. საავიაციო ნავთის იმპორტმა კი 14,9 ათასი ტონა შეადგინა, რაც 10,5 ათასი ტონით მეტია ივნისის მაჩვენებელთან შედარებით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS.GE-ზე