"მთის კანონის ამოქმედების შემდეგ რეგიონებიდან ქალაქების მიმართულებით მიგრაციული პროცესი შენელებულია"

მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის პროცესი მეტ-ნაკლებად შენელებულია, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანმა, ოთარ კონჯარიამ განაცხადა.

კონჯარიას თქმით, 235 000 ადამიანზე მეტი რეგისტრირებულია როგორც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, რაც ნიშნავს, რომ ისინი მაღალმთიან დასახლებაში ცხოვრობენ წელიწადში 9 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

„მართალია, კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიღებულ იქნა 2015 წელს, მაგრამ კანონით განსაზღვრული შეღავათების და სოციალური დანამატების გაცემა რეალურად 2016 წლის 1-ელ სექტემბერს ამოქმედდა. ბუნებრივია, როცა ერთი წელიც არ არის სრულად გასული, ჯერ ნაადრევია კონკრეტულ შედეგებზე საუბარი, თუმცა გარკვეული ტენდენცია არსებობს. ის ფაქტი, რომ დღეს 235 000 ადამიანზე მეტი რეგისტრირებულია როგორც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე, მიგვანიშნებს სწორედ იმაზე, რომ ამ მიმართულებით მოსახლეობის ინტერესი და კანონით დაწესებული შეღავათებით სარგებლობის სურვილი ძალიან მაღალია. ეს, ერთი მხრივ, დასტურია, რომ ის მძიმე მიგრაციული პროცესი, რომელიც არსებობს მაღალმთიანი დასახლებებიდან, მეტ-ნაკლებად შენელებულია. სტატუსის შეწყვეტის ერთადერთი საფუძველი არის გარდაცვალება. არ გვაქვს მონაცემი, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები სტატუსის მქონე პირმა თავისი ნებით დატოვა საცხოვრებელი ადგილი და გადავიდა არამაღალმთიანი სტატუსის მქონე დასახლებაში. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მიგრაციული პროცესები მაღალმთიანი დასახლებებიდან საერთოდ შეჩერებულია. მიგრაციის პრობლემები აწუხებს მთელ მსოფლიოს, მით უმეტეს, 21-ე საუკუნეში, მოსახლეობა სოფლებიდან ურბანულ ცენტრებში გადადის საცხოვრებლად, მაგრამ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, კანონის ამოქმედების შემდეგ ის დიდი ტალღა, რომელიც მიგრაციული პროცესის სახით არსებობდა ჩვენს ქვეყანაში მაღალმთიანი რეგიონებიდან ქალაქების მიმართულებით, შენელებულია. უფრო მეტიც, მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტთან მიმართებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ არამაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირები დარეგისტრირდნენ მაღალმთიან დასახლებაში, რაც მისასალმებელი ფაქტია“, - განაცხადა კონჯარიამ.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური აქტივობების წახალისებას, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივნის თქმით, 2016 წლიდან 2017 წლის აპრილამდე 200-ზე მეტი საწარმო რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში მოქმედი საწარმოს სტატუსით.