2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე მხოლოდ 4 ტონა თაფლი გავიდა

საქართველოდან ოფიციალურად ექსპორტირებული თაფლის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციისა და ISET-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თაფლის ექსპორტის მაქსიმალური მაჩვენებელი, 17 ტონა (ჯამური ღირებულებით 117 ათასი დოლარი) 2003 წელს დაფიქსირდა, როცა ლიბიამ ერთჯერადად 13 ტონა ქართული თაფლი შეისყიდა. ამის შემდეგ ექსპორტის რაოდენობამ თანდათან იკლო და 2016 წელს საქართველომ ექსპორტზე მხოლოდ 4 ტონა თაფლი გაიტანა.

„ამის მიუხედავად, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ქართულმა თაფლმა სულ ახლახან გაიარა ყველა საჭირო პროცედურა და დაშვებულ იქნა ევროპულ ბაზარზე გასაყიდად, რაც სამომავლოდ ექსპორტის ზრდის წინაპირობას იძლევა", - ნათქვამია კვლევაში.

რაც შეეხება იმპორტს, კვლევის თანახმად, 2014-2016 წლებში საქართველოში თაფლის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა და საგრძნობლად გადააჭარბა ამავე პროდუქტის ექსპორტს. აღნიშნულ პერიოდში მთავარი იმპორტიორი იყო უკრაინა, რომელზეც საქართველოში იმპორტირებული თაფლის ჯამური რაოდენობის დაახლოებით 83% მოდიოდა.

„ბოლო 3-წლიან პერიოდში, ქვეყანაში იმპორტირებული თაფლის რაოდენობა საშუალო წლიურად 29,3 ტონას გაუტოლდა და მისმა საშუალო ღირებულებამ 96,3 ათასი დოლარი შეადგინა“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.