„მორგან სტენლი“ ევროსა და სტერლინგის გათანაბრებას პროგნოზირებს

ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა „მორგან სტენლიმ“ ევროზე პროგნოზი გაზარდა. 

ბანკის ვარაუდით, ევროპული ვალუტა მომავალ წელს ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს გაუტოლდება. ევროს 18-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს სტერლინგთან გატოლების პირველი შემთხვევა იქნება. „მორგან სტენლი“ ასევე ვარაუდობს, რომ მომავალი წლის დასაწყისში, ევროს ფასი 1.25 დოლარს მიაღწევს.

თუმცა ეს ჯერ მხოლოდ საშუალოვადიანი პროგნოზებია, რომლის საფუძველსაც ფუნდამენტური ფონი იძლევა. ამ ფონს ძირითადად ბრექსიტი და ის მოლოდინი განაპირობებს, რომელიც ევროზონაში ეკონომიკის სტიმულირების პროცესის შეწყვეტას და ევროზე საპროცენტო განაკვეთის შესაძლო აწევას უკავშირდება. რა თქმა უნდა, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ სუბიექტური და ობიექტური გარემოებები „მორგან სტენლის“ პროგნოზზე გავლენას იქონიებს. თუმცა ფაქტია, რომ ბრექსიტის პროცესში, ევროს სტერლინგთან მიმართებაში სოლიდური უპირატესობა მიენიჭება.

რაც შეეხება მიმდინარე სიტუაციას, დღეს სავალუტო ბაზარზე ძირითადი ფაქტორი, აშშ-ის სამომხმარებლო ფასების საბაზო ინდექსის (ივლისის) გამოქვეყნებაა. ამჟამად ინვესტორები ცდილობენ დაადგინონ, აპირებს თუ არა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტო წელს დოლარზე საპროცენტო განაკვეთის მესამედ აწევას. სააგენტოს წევრები არ მალავენ, რომ მათი გადაწყვეტილება, შრომის ბაზრის მდგომარეობასა და ინფლაციაზეა დამოკიდებული. ამიტომ დღევანდელ ინფორმაციას (თბილისის დროით 16:30-ზე გამოქვეყნდება) დოლარის კურსზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია.

პარალელურად, სავალუტო ბაზარზე ძლიერ ზემოქმედებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული დაძაბულობა. ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის გუამის ბაზას სარაკეტო დაბომბვით ემუქრება, რასაც აუცილებლად მოჰყვება შეერთებული შტატების პასუხი. ამ სიტუაციაში, ინვესტორები აქცენტს რისკისგან თავშესაფარ აქტივებზე აკეთებენ, როგორებიცაა იაპონური იენი, შვეიცარიული ფრანკი და ოქრო. შესაბამისად, ამ აქტივების ფასებიც იზრდება.

ამ სიტუაციაში, ამერიკული დოლარის ინდექსი, რომელიც მის მდგომარეობას ექვს ძირითად ვალუტასთან მიმართებაში ასახავს, უმნიშვნელოდ (0.08 პროცენტით), 93.37-მდე გაიზარდა.