გასულ თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 20.2 მილიონი დოლარით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 20.1%-ით (20.2 მლნ დოლარით) გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 120.9 მილიონი ამერიკული დოლარი, ანუ 290.2 მილიონი ლარი შეადგინა.

სებ-ის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის ივლისშიც მთელი ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2017 წლის ივლისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასე გამოიყურება: რუსეთი (43.1 მლნ დოლარი); აშშ (12.7მლნ); იტალია (12.1მლნ); საბერძნეთი (10.6მლნ) და ისრაელი (10.5მლნ).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 15.8 მილიონი დოლარი (38.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.7 მილიონი დოლარისა (36.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.