რა პერსპექტივა აქვს ქარის ენერგიას საქართველოში?

ალტერნატიული ენერგეტიკა ბოლო წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა. გორის ქარის ელექტროსადგურის პროექტის შემდეგ ქვეყანაში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობა იწყება.

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ ქარის ორი ელექტროსადგურის პროექტი უკვე აქვს დაგეგმილი, რომელსაც კომპანია „ჩალიკ ჯორჯია ვინდი“ უხელმძღვანელებს: 50 მეგავატამდე სიმძლავრის ერთი სადგური კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზაში აშენდება, 120 მეგავატამდე სიმძლავრისა - საჩხერეში. 150 მეგავატამდე სიმძლავრის კიდევ ერთი ქარის ელექტროსადგური ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აშენდება. ასე რომ, რამდენიმე წელიწადში საქართველო ქარის ენერგიას საკმარისად აითვისებს.

რა პერსპექტივები აქვს ქარის ენერგიას საქართველოში? – „ბიზნესპრესნიუსის“ ამ შეკითხვას საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი - ანზორ ჭითანავა პასუხობს.

- თანამედროვე მსოფლიოში აშკარად შეინიშნება ტენდენცია, რაც შეიძლება მეტი განახლებადი ენერგიის წყარო გამოიყენონ და ასე დაძლიონ ენერგოკრიზისი, რომელიც ნავთობისა და გაზის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში დაიწყება. ეს ტენდენცია გაგრძელდება, რადგან განახლებადი ენერგიის წყაროები მსოფლიოს ჰაერივით სჭირდება. ხშირად ამბობენ, რომ გაზისა და ნავთობის ალტერნატივა შეიძლება გახდეს ნახშირი და ატომური ენერგია. ამ ორმა წყარომ მართლაც შეიძლება ჩაანაცვლოს ისეთი ენერგიის წყაროები, რომლებიც დროთა განმავლობაში ამოიწურება. ამიტომ, ძალიან ბევრმა ქვეყანამ დაიწყო ამ პრობლემაზე მუშაობა. განახლებადი ენერგიის წყაროა ქარი, მზე, ასევე მიმდინარეობს ოკეანეების მოქცევის შესწავლა და ამ ენერგიის გამოყენება, მაგრამ ყველა ქვეყანას აქვს თავისი პრიორიტეტი და სასურველია მისთვის ყველაზე ოპტიმალური გზა აირჩიოს. ყველა სახელმწიფო იყენებს იმ რესურსს, რომელიც მას მოეპოვება.

- თქვენი აზრით, რომელი გზაა ყველაზე ოპტიმალური საქართველოსთვის?

- ჩვენი გზა არსებული სისტემის სრულყოფა და ჩვენი ძირითადი რესურსის გამოყენებაა - ვგულისხმობ ჰიდრორესურსს, რომლითაც საქართველო ბუნებამ დააჯილდოვა. ჩვენი ენერგეტიკის 70 პროცენტი სწორედ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. მართალია, გვაქვს თბოსადგურები, გორში აშენდა პირველი ქარის ელექტროსადგური, მაგრამ ქარის ენერგიის იმედზე ვერ ვიქნებით. რატომ? - ოთხჯერ მეტი ქარის ენერგიაა საჭირო, რომ ჰიდრორესურსი ჩავანაცვლოთ - ეს მეცნიერულად არის გათვლილი და დადგენილი. მართალია, ნახშირის რესურსიც გვაქვს, მაგრამ დიდი იმედის დამყარება არც ამ რესურსზე შეიძლება. ამიტომ, ერთადერთი წყარო, რომელსაც შეიძლება უახლოეს პერიოდში დავეყრდნოთ, ჰიდროენერგიაა. ამას აღიარებენ ყველაზე კომპეტენტური სპეციალისტები და საქართველოს სწორედ ეს გეზი აქვს აღებული. ჩვენ უკვე დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ მოსახლეობის მოთხოვნები იზრდება და ეკონომიკასაც გაცილებით მეტი ელექტროენერგია სჭირდება, ვიდრე ჩვენი ენერგოსექტორი გამოიმუშავებს.

- ბატონო ანზორ, რა უნდა გაკეთდეს ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად?

- ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ - ვგულისხმობ როგორც მცირე და საშუალო, ასევე დიდ ჰესებს. მათი პოტენციალის ჩანაცვლება ქარისა და მზის ენერგიით წარმოუდგენელია. ქარის ენერგია შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დამატებითი რგოლი ამ სისტემაში, მაგრამ ის ჩვენთვის დასაყრდენი ვერ იქნება. ჰიდროენერგია უნდა იყოს საყრდენი, ხოლო ქარისა და მზის ენერგია - ძირითადი წყაროს დამხმარე და შემავსებელი, რომელიც ჩვენს ენერგოსისტემას დაეხმარება. უახლოესი 10 წლის განმავლობაში ქარისა და მზის სადგურებმა შესაძლოა მხოლოდ 300-400 მეგავატამდე სიმძლავრე გამოიმუშაონ, უფრო მეტს ჩვენი ენერგოსისტემა ვერ აიტანს. თანაც, ყველაფერს მარტო ქარის სიჩქარე ვერ განსაზღვრავს. ქარის სიჩქარე და ხანგრძლივობა მთავარია, მაგრამ ქარის ელსადგურის მშენებლობისას ეკოლოგიური ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ: რა დაემართება წყლის რესურსს ახლო-მახლო, ხომ არ დაზიანდება გარემო, მცენარეული საფარი, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ხმაურით და ვიბრაციით გამოწვეული უარყოფითი შედეგებიც.

- თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ გორში აგებულმა პირველმა ქარის სადგურმა იმედები გაამართლა.

- კარგია, რომ ეს ელექტროსადგური გვაქვს, მაგრამ გააჩნია „გამართლებაში“ ვინ რას გულისხმობს. პროფესიულ დონეზე თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ელექტროსადგურის აშენებას სოლიდური ხარჯი სჭირდება და მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასიც საკმაოდ მაღალია - ქარის ენერგია 3-4-ჯერ ძვირია ჰიდროენერგიაზე. საზოგადოება ისედაც მტკივნეულად განიცდის ტარიფების ზრდას და ამ ყველაფრის გათვალისწინება აუცილებელია. ზოგს ჰგონია, რომ თუ ქარის და მზის სადგურებს ავაშენებთ, მაშინვე გვეშველება და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ასე არ არის. ეს მისაღები და პროგრესული ენერგიის წყაროა, მაგრამ ამავე დროს, ძალზე ძვირადღირებულიც.

- ბატონო ანზორ, ჰესების მშენებლობასაც ხომ აქვს უარყოფითი მხარეები?

- უარყოფითი მხარე ყველა ტიპის მშენებლობას აქვს, მაგრამ გააჩნია, რა დონის სარგებლობა მოაქვს ამა თუ იმ ელექტროსადგურს. ნებისმიერ შემთხვევაში მცდარია მოსაზრება, რომ ჰიდროენერგეტიკა წარსულს ჩაბარდა, რომ მას აღარავინ იყენებს და ჰესების აგება მე-19-20 საუკუნეებში ჩარჩენილი ადამიანების ოცნებაა. ასეთ მოსაზრებებს ქართულ პრესაში ხშირად წააწყდებით, მაგრამ ეს ადამიანები მცდარ წარმოდგენას უქმნიან საზოგადოებას და ხალხს აბნევენ. ჰიდრეოენერგიის განვითარებაზე ზრუნავენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, კანადა, ჩინეთი და ა.შ... ეს სახელმწიფოები კაშხლებს ამატებენ და მათ მოცულობას ზრდიან. როგორ უნდა მოიქცეს საქართველო? - ჩვენ დიდი სიმდიდრე გვაქვს ჰიდრორესურსის სახით და მასთან ერთად ენერგიის სხვა წყაროებიც უნდა გამოვიყენოთ. ამ წყაროებმა ერთმანეთი უნდა შეავსონ და თუ სისტემა გამართულად იმუშავებს, ენერგოკრიზისი გამორიცხულია.

საფრანგეთის მაგალითს უნდა მივბაძოთ, სადაც ქარის ენერგიას ატომური ენერგიის პარალელურად იყენებენ. ამ ქვეყანაში ენერგიის მთავარი წყარო ატომური ელექტროსადგურებია, მაგრამ სხვა წყაროებზეც არ ამბობენ უარს, მათ შორის, ქარის ენერგიაზეც.

ხათუნა ჩიგოგიძე