"ვისაც დოლარში ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი, 20 სექტემბრამდე შეისყიდონ, რადგან ამის შემდეგ დოლარის ძლიერ გამყარებას ველოდებით"
რამდენიმეთვიანი გამყარებისა და სტაბილურად 2,38-2,39 ნიშნულის შენარჩუნების შემდეგ, ლარმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მცირე ნაბიჯებით გაუფასურება დაიწყო და დოლარის მიმართ მისი კურსი 2,42-ს მიუახლოვდა.
ექსპერტების ნაწილი ლარის ამ დიაპაზონში გადანაცვლებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ პროგნოზირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტურისტული სეზონია და ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების საფუძველი უნდა იყოს. თუმცა, ლარის კიდევ უფრო გაუფასურებას ანალიტიკოსები 20 სექტემბრიდან ელოდებიან და ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ერთი დოლარის ფასი 2,5-ლარიან ნიშნულს გადააჭარბებს.
ნიკა შენგელია, "ეფიქს გრუპის" მთავარი ანალიტიკოსი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი: "ერთი თვის წინანდელი ყველა ტექნიკური მაჩვენებელი მიუთითებდა, რომ დაახლოებით 12 აგვისტოდან დაიწყებოდა დოლარის გამყარება და მართლაც ასე მოხდა. თუმცა, პროცესი 25 აგვისტოს შეჩერდა და დოლარის ინდექსი საგრძნობლად დაეცა. ამის მიზეზი კი გახდა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ყოველწლიურ სიმპოზიუმზე ჯეკსონ-ჰოულში მისი ხელმძღვანელის გამოსვლა, სადაც ჯანეტ იელენმა ინვესტორების მთავარი შეკითხვა, დაიწევდა თუ არა 2017 წელს საპროცენტო განაკვეთი, უპასუხოდ დატოვა. ბაზარმაც არ დააყოვნა, დაიწყო დოლარის ინდექსის დაცემა და ის, ფაქტობრივად, 10-11 აგვისტოს მდგომარეობას დაუბრუნდა. სანაცვლოდ მოიმატა ევროს კურსმა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის სექტემბრის სხდომაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვიან საპროცენტო განაკვეთის აწევაზე. შესაბამისად, დოლარს გაძვირებისკენ არ უბიძგებენ. მოდი, ამ ყველაფრის ფონზე შევაჯამოთ, რა ხდება საქართველოში ლარის კურსთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს ემიგრანტების მიერ გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდა; შარშანდელთან შედარებით ასევე
მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გვაქვს; ამას ემატება ტურისტული სეზონი და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები.
რაც შეეხება ეროვნულ ვალუტაზე უარყოფითად მოქმედ ფაქტორებს, საგარეო ვალი გაგვეზარდა და ეტაპობრივად უკვე გვიწევს მისი მომსახურება; ამას დაემატა სტიქია და მასთან საბრძოლველად თუ აღდგენითი სამუშაოებისთვის გაწეული თუ გასაწევი ხარჯები, რაც ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილის ზრდას იწვევს; ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გასცდა და, ფაქტობრივად, გაორმაგებულია და ამას ემატებოდა დოლარის კურსის გამყარება 25 აგვისტომდე.
ყველა ამ მონაცემის შეჯამების შემდეგ შემიძლია გითხრათ, რომ 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,39-2,42 დიაპაზონში დარჩება, ევროს მიმართ ლარის კურსი კი ამ პერიოდში 2,83-2,87 დიაპაზონში. ჩვენი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის "მამებს", ალბათ, მოუწევთ მორიგ სხდომაზე რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთის აწევა. ამის მიზეზი ის არის, რომ ინფლაცია გვაქვს გაზრდილი, სექტემბრის მეორე ნახევრიდან ისევ ველოდებით დოლარის ინდექსის მატებას, რაც, ბუნებრივია, ლარის კურსზეც იქონიებს გავლენას გაუფასურების თვალსაზრისით.
ცოტა უფრო შორს თუ გავიხედავთ, წლეულს ლარის გაუფასურების მაქსიმუმი დეკემბრის ბოლომდე იქნება 2,52-2,56-იან შუალედში, რა თქმა უნდა, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა. მათ შორის, თუ იმოქმედა ისეთმა პოლიტიკურმა ფაქტორმა, როგორიც შეიძლება იყოს აშშ-ის ჩართვა სამხედრო ოპერაციებში ჩრდილოეთ კორეასთან. ომი თუ დაიწყება, ცხადია, დოლარი დაეცემა, რადგან ამერიკის ბიუჯეტმა უნდა გამოყოს მეტი ფული გაზრდილი სამხედრო ხარჯებისთვის, რაც დოლარის დევალვაციას გამოიწვევს.
რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ფაქტორებს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, გამომდინარე იქიდან, რომ მეტი ლარის ხარჯვა მოუწევს მთავრობას, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და გაგრძელდება წინასაარჩევნოდ. ლარს ამის გამოც მოუწევს ოდნავ გაუფასურება. თუმცა, თუ ჩვენი ვარაუდები გამართლდა და ამას დოლარის კურსის გამყარებაც დაერთო, მაშინ უკვე თვალში საცემი იქნება ეროვნული ვალუტის დევალვაციის მაჩვენებელი. შესაბამისად, ვისაც დოლარში ვალდებულებები აქვს გასასტუმრებელი, ვურჩევდი, 20 სექტემბრამდე მაქსიმალურად შეისყიდონ დოლარი, რადგან ამის შემდეგ, დღეს არსებული ტექნიკური მაჩვენებლების საფუძველზე, დოლარის ძლიერ გამყარებას ველოდებით".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა"