საჩხერისა და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობა მეოთხე კვარტალში დაიწყება

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ამბროლაურს ჰქონოდა ძალიან კარგი რეგიონული აეროპორტი. 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინა.

პრემიერის შეფასებით, ეს არის პერსპექტივა ამ რეგიონისთვის.

„სასიხარულოა, რომ მგზავრთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ რეისის დამატება მოგვიწია. ამბროლაურის აეროპორტი არ არის ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ახალი სიცოცხლის პერსპექტივა ამ რეგიონისთვის და დიდი განვითარების გეგმის ნაწილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა რეგიონში ტურიზმი მიმართულების განვითარების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ადგილობრივებს ხელს შეუწყობს ყველაფერში, რაც ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებას სჭირდება.

„ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და ვაპირებთ უპრეცედენტო პროექტების განხორციელებას - მთელ საქართველოში იგება გზები, შენდება ახალი აეროპორტები, ესტაკადები, ხიდები და გვირაბები, ნავსადგური. წელს, მეოთხე კვარტალში დავიწყებთ საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ასევე მალე დაიწყება ქუთაისის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის შემაერთებელი გზის მშენებლობა.

„ძალიან დიდ სიხარულს იწევს ჩემში ის, რომ წელს პირველად ამბროლაურში შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რომ რეგიონში დაბრუნდნენ ახალგაზრდები და შექმნან ძლიერი, წელგამართული, ქართული ოჯახები იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ამბროლაურის მერე აუცილებლად იქნება სხვა რაიონები და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, რომ დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.