კვლევა - ახალგაზრდების უმეტესობას სამუშაოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში სურს წასვლა

არჩევანის შემთხვევაში ახალგაზრდები მუშაობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ისურვებდნენ.

ეს შედეგი აჩვენა 2017 წელს ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ THE GLOBAL SHAPERS SURVEY, , რომელმაც 186 ქვეყანა მოიცვა, მათ შორის საქართველოც. კვლევაში მონაწილეობა 18-დან 35 წლამდე 31 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგან 2 რესპონდენტი საქართველოდან შეირჩა.

როგორც აღმოჩნდა, ამ ადამიანების 18,2 %-ს ამერიკაში სამუშაოდ სურს წასვლა. მეორე ადგილზე კანადაა - 12,4 %-ით. სამუშაოდ მიმზიდველი ქვეყნების ათეულში მოხვდნენ გაერთიანებული სამეფო (9,6%), გერმანია (8,2%), ავსტრალია (5%) , შვეიცარია (4,1), საფრანგეთი (3,8%), ესპანეთი (3,6%), შვედეთი (2,4%) და ნიდერლანდები (2,3).

კვლევის თანახმად, 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდები არ არიან ზარმაცები, არამედ პირიქით, შრომისმოყვარეები და კარიერაზე ორიენტირებული არიან. „საზოგადოებაში არასწორი შეხედულებაა იმის შესახებ, რომ 80-90-იანი წლების თაობა შრომას არ ესწრაფვის. 2017 წელს ჩატარებული მსოფლიოს განმსაზღვრელი ყოველწლიური კვლევა აჩვენებს, რომ ახალგაზრდები კარიერაზე ორიენტირებული არიან, ” - ასე აფასებენ კვლევის ავტორები შერჩეულ რესპონდენტებს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, როდესაც რესპონდენტებს სთხოვეს დაესახელებინათ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სამუშაოს შემოთავაზებისას, ანაზღაურებამ პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ მოდის მიზნის შეცნობა და დაწინაურების პერსპექტივა. რესპონდენტების დიდი უმრავლესობა (81.1%) კარიერული წინსვლისათვის სხვა ქვეყანაში გადასვლას ისურვებდა.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ახალგაზრდები გრძნობენ - მსოფლიოში გადაწყვეტილების მიმღებები მათ არ უსმენენ. კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 55.9 პროცენტს სჯერა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მათი შეხედულებები გათვალისწინებული არ არის.

კვლევის შედეგების შეაჯამების შემდეგ გამოიკვეთა, რომ იმ გამოწვევებიდან, რაც დღეს სამყაროზე ახდენს გავლენას, ახალგაზრდები ყველაზე მეტად დაინტერესებულები არიან კლიმატის ცვლილებებითა და ბუნების განადგურებით.

”უკვე ზედიზედ მესამე წელია, რაც კლიმატის ცვლილება სახელდება როგორც ყველაზე სერიოზული გლობალური გამოწვევა. რესპონდენტები მოუწოდებენ სხვა ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ სჯერათ ისეთი გლობალური ძალისხმევის, როგორიც პარიზის ხელშეკრულებაა, რომ გაუმკლავდნენ ამ პრობლემას.

”თუ მხედველობაში მივიღებთ ამჟამინდელ გლობალურ არასტაბილურობას, ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ომები და უთანასწორობა დასახელდა მეორე და მესამე მნიშვნელოვან საკითხებად. სიღარიბეს, რელიგიურ კონფლიქტებს, ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობას ასევე დიდი პრიორიტეტი მიენიჭა,” - აღნიშნულია კვლევაში.

გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ ისინი არ ენდობიან მედიას, დიდ ბიზნესებსა და მთავრობებს. მედიას რესპონდენტთა 46 % უცხადებს უნდობლობას. კვლევის ავტორთა აზრით, ეს იმის შედეგია, რომ ბოლო პერიოდში მისი მეშვეობით ხშირად ვრცელდება ყალბი ინფორმაცია. უნდობლობის იგივენაირი დონეა დიდი კომპანიების, ბანკებისა და მთავრობების მიმართ.

კვლევის თანახმად, ახალგაზრდებისთვის უფრო სანდოა ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა სკოლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამართლის დარგში მომუშავე პირები და სასამართლოები.