ნავთობპროდუქტების იმპორტი აგვისტოს თვეში შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტი აგვისტოს თვეში შემცირდა, - ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იუწყება.

„2017 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 100,1 ათასი ტონა, რაც 19,3 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, აგვისტოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 57,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 43,0 ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 41,3 ათასი ტონა ანუ 72,3%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 15,2 ათასი ტონა ანუ 25,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,3 ათასი ტონა ანუ 2,2%, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 43,0 ათასი ტონა ანუ 100,0%, L-62 და DT დიზელის საწვავის იმპორტი აგვისტოს თვეში არ განხორციელებულა.

ქვეყნების მიხედვით, 2017 წლის აგვისტოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 34,0 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 33,9%), ბულგარეთიდან - 20,1 ათასი ტონა (20,0%), რუსეთიდან - 18,2 ათასი ტონა (18,2%), აზერბაიჯანიდან - 11,6 ათასი ტონა (11,5%), თურქმენეთიდან - 8,5 ათასი ტონა (8,4%), საბერძნეთიდან - 6,5 ათასი ტონა (6,4%), უკრაინიდან - 1,7 ათასი ტონა (1,6%) და სხვ.

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

2017 წლის აგვისტოში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 14,1 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 93,5 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

2017 წლის აგივსტოში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი იმპორტი განხორციელდა ირანიდან - 341,5 ტონა, გერმანიიდან - 274,2 ტონა, თურქეთიდან - 262,7 ტონა, რუსეთიდან - 246,5 ტონა.

2017 წლის აგვისტოში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,4 ათასი ტონა, რაც 4,5 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. ქვეყნების მიხედვით 2017 წლის აგვისტოში საავიაციო ნავთის ყველაზე დიდი იმპორტი განხორციელდა თურქმენეთიდან - 7,5 ტონა, საბერძნეთიდან - 1,6 ტონა, აზერბაიჯანიდან - 1,1 ტონა.

2017 წლის აგვისტოში საქართველოში თხევადი აირის (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,3 ათასი ტონა, რაც 1,2 ათასი ტონით მეტია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით“, - აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.