საქართველოს პირდაპირი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო

საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში საქართველოს უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყანა აზერბაიჯანი იყო.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 126.9 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა.

მას მოსდევს ნიდერლანდები 42.9 მილიონი დოლარით; ხოლო მესამე ადგილზეა - თურქეთი - 39.3 მილიონი დოლარით.

უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორების ჩამონათვალშია ასევე გაერთიანებული სამეფო (31.5 მლნ დოლარი); ჩეხეთი (20.8 მლნ); პანამა (17 მლნ); ლუქსემბურგი (13.8 მლნ); აშშ (13.5 მლნ) და ჩინეთი (10.5 მლნ).

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მე-2 კვარტალში 346.6 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.3%-ით ნაკლებია.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 751.0 მილიონი  დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის  შესაბამისი  პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 5.5%-ით ნაკლებია.