მე-2 კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა.

კერძოდ, ინვესტიციების მოცულობამ 130.4 მილიონი ამერიკულ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 37.6%-ია.

მეორე ადგილზეა მშენებლობის სექტორი 70 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 29.3 მილიონი დოლარით.

იმ ეკონომიკის სექტორების ჩამონათვალში, რომელშიც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა არის ასევე: ენერგეტიკა (19.2 მლნ დოლარი); უძრავი ქონება (14.2 მლნ); დამამუშავებელი მრეწველობა (12.4 მლნ); სამთომოპოვებითი მრეწველობა (10.9 მლნ); საფინანსო სექტორი (4.1 მლნ); სოფლის მეურნეობა, თევზჭერა (3.9 მლნ) და ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (-0.7 მლნ).

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის მე-2 კვარტალში 346.6 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.3%-ით ნაკლებია.