გიორგი კვირიკაშვილი - წლევანდელ სეზონზე უცხოელი ტურისტების რაოდენობის მხრივ 25%-იანი მატება გვაქვს და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს

წლევანდელ სეზონზე, გასული წლის ზაფხულთან შედარებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობის მხრივ 25%-იანი მატება გვაქვს და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს ყველას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის რეგიონში, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერმა აჭარის რეგიონში ტურიზმის მატებასა და დადებით დინამიკაზე ისაუბრა. ”წელს, აჭარაში წარმატებული ტურისტული სეზონი გვაქვს. აქ ტურიზმის ინდუსტრიაში განსაკუთრებით შეიმჩნევა მზარდი დინამიკა - ყოველწლიურად იზრდება ტურისტული ობიექტების და საჰაერო ფრენების რაოდენობა. მხოლოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, წლევანდელ სეზონზე 39 მიმართულებით, კვირაში 140 ფრენა ხორციელდება.

წლევანდელ სეზონზე, გასული წლის ზაფხულთან შედარებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობის მხრივ 25%-იანი მატება გვაქვს და ეს დიდ სტიმულს გვაძლევს ყველას.

ტურიზმის განვითარებას ხელს უწყობს ახალი ინვესტიციები სასტუმრო სექტორში. მხოლოდ სამ წელიწადში, აჭარას 49 ახალი სასტუმრო შეემატა და რაც განსაკუთრებით გვახარებს, წლევანდელ სეზონზე გასულ წლებთან შედარებით, საოჯახო სასტუმროებიც დაიტვირთა და ეს არის ყველაზე მისასალმებელი, რომ რიგით ადამიანს, რომელმაც შეძლო, საკუთარი საცხოვრებელი მინიმალური სტანდარტებით მოეწყო, უკვე ჰყავს ტურისტები და ტურიზმი ხდება შემოსავლების წყარო არა მხოლოდ დიდი სასტუმროებისთვის, არამედ ოჯახური სასტუმროებისთვისაც”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე განცხადებით, დაწყებულია რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი, რაც რეგიონში ტურიზმის მატებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ”ქობულეთში დაწყებულია უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი - საფუძველი ჩაეყარა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას, რომლის ინვესტიცია 200 მილიონი ლარია. ეს იქნება ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ულამაზესი და უმსხვილესი მრავალფუნქციური კომპლექსი.

ფართომასშტაბიანი საინვესტიციო პროექტები ხორციელდება ასევე გოდერძის კურორტზე. 2015 წლიდან, კურორტი მუშაობს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სეზონებზე. ამ ეტაპზე, იქ კიდევ 6 სასტუმრო კომპლექსი შენდება. ეს არის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, რომელთა ინვესტიციაც 80 მილიონ ლარს აჭარბებს. ყველა ლარი, რომელიც ამ მიმართულებით იხარჯება, არის ახალი დასაქმებული აჭარელი და თითოეულ ოჯახში მიტანილი კეთილდღეობა.

მომდევნო ორ წელიწადში, აჭარას კიდევ ათეულობით სასტუმრო შეემატება, მათ შორის, შემოვა კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო სტანდარტის სასტუმრო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში, კერძოდ კი აჭარაში, კაპიტალის ჩადება უცხოელი ინვესტორებისთვის უსაფრთხო და პერსპექტიულია. ჩვენ ეს ნდობა მოვიპოვეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ეკონომიკის განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენისთვის, ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.