გიორგი კვირიკაშვილი - ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება

შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 330 მილიონ ლარზე მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის რეგიონში, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატების წარდგენის დროს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, საგრძნობლად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა.

”ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ აჭარაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელთა წარმატებით დასრულება, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუჩენს თითოეულ აჭარელს. ასეთი მასშტაბის პროექტები, მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით თანმიმდევრულად მივყვებით. ასეთია, მაგალითად, ქობულეთის შემოვლითი გზა, რომლის ჯამური ინვესტიცია 350 მილიონ ლარს აჭარბებს.

შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 330 მილიონ ლარზე მეტია. ბათუმის შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, საგრძნობლად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა. აჭარის ზღვისპირა ზოლიდან, სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა, ხელს შეუწყობს კურორტების ეკოლოგიურად გაჯანსაღებას და რეგიონში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას”-განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, ასევე, დაგეგმილია ბათუმი-სარფის გზის მშენებლობა, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება.

”ბათუმი-სარფის გზა იმ ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი ნაწილი იქნება, რომელსაც თურქეთის საზღვრამდე მივყავართ. მაგისტრალის მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

გარდა ამისა, მაღალმთიან აჭარაში, ხულო-ზარზმის მიმართულებით, იწყება გზის მშენებლობა. უახლოეს დღეებში და არა წლებში დაიწყება ამ გზის მშენებლობა, რომლის სიგრძე 45 კილომეტრია და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც ჩვენ მაღალმთიან აჭარაში განვახორციელებთ. პროექტის განხორციელების შედეგად, საათ-ნახევრით შემცირდება ამ მიმართულებით მგზავრობის დრო”-განაცხადა კვირიკაშვილმა. მისი ინფორმაციით, აჭარაში დაგეგმილი წლევანდელი საგზაო ინფრასტრუქტურული 300-ზე მეტი პროექტიდან 85% უკვე შესრულებულია ან დასრულების ეტაპზეა.