გიორგი კვირიკაშვილი - ბორდოში დაგეგმილი გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ ქვეყანას ახალ პერსპექტივას უხსნის

ბორდოში დაგეგმილი გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“ საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უხსნის არა მხოლოდ ღვინის, არამედ საერთოდ, კულტურულ სამყაროში ქვეყნის წარმოჩენის კუთხით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ხვალ საფრანგეთში, ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში გაიხსნება გამოფენა „საქართველო - მეღვინეობის აკვანი“. ეს არის მრავალი წლის ძალიან მიზანმიმართული მუშაობის შედეგი და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მოსახლეობას უნდა მივულოცოთ. ეს არის ძალიან დიდი წარმატება საქართველოში, რომ ასეთ მნიშვნელოვან ადგილას, სადაც ჩავლენ მთელი მსოფლიოდან ღვინის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, ღვინის ბაზრის წარმომადგენელი კომპანიები, საქართველო იქნება წარმოდგენილი როგორც მეღვინეობის სამშობლო. ჩვენ კარგად მოვემზადეთ ამ გამოფენისთვის. იქნება კულტურული ღონისძიებები, მაღალი დონის შეხვედრები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უხნის არა მხოლოდ ღვინის, არამედ საერთოდ კულტურულ სამყაროში როგორც ღვინის სამშობლოს, უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყნის წარმოჩენის კუთხით“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.