ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში TWINNING-ის პროექტი დასრულდა

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, დღეს TWINNING-ის პროექტის „საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

პროექტის დახურვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი, ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციების, საავიაციო ინდუსტრიისა და სხვა პარტნიორი უწყების წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

როგორც აღინიშნა, ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - „საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან“ მიზნად ისახავდა ქვეყანაში მოქმედი საავიაციო კანონმდებლობის სრულყოფასა და მისი ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელისუფლების სტრუქტურულ და ინსტიტუციონალურ გაძლიერებას.

პროექტი 2015 წლის ივნისში დაიწყო და მისი ბიუჯეტი 1,23 მილიონ ევროს შეადგენდა. გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, ეს არის მნიშნელოვანი პროექტი, რადგან ის უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესს.

„ეს არის თანამშრომლობის მეორე პროექტი, რომელიც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან განახორციელეს იმის ფონზე, რომ ავიაკომპანიების ძალიან მზარდი ნაკადი გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ 2017 წლის პირველ 7 თვეში 68%-იანი ზრდა გვაქვს. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც აღნიშნული სტანდარტები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების, ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის დროს მათი რეგულაციების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პრინციპებს. ჩვენ ვხდებით ერთიანი ევროპული საჰაერო სივრცის წევრები და ამისთვის ეს აუცილებელი წინაპირობაა“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

„პროექტი 27 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ხორვატიელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად მასში ჩართულნი იყვნენ ავსტრიელი კოლეგები. პროექტი ეხებოდა ევროკავშირის საავიაციო მოთხოვნებთან ჩვენი მოთხოვნების დაახლოებას, ეროვნული ნორმატიული აქტების მომზადებას. ძალიან ნაყოფიერი შრომის შედეგად გადმოტანილი იყო რეგულაცია ჩვენს სამართლებრივ სივრცეში. რაც მთავარია, გაანალიზდა ის მოთხოვნები, რაც ევროკავშირთან მიმართებაში გვაქვს, გაიწერა სამოქმედო გეგმა, ასევე გაანალიზდა პროცესები და დაიგეგმა შემდგომი საქმიანობისთვის აუცილებელი ნაბიჯები“, - განაცხადა ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან კარანაძემ.

ავსტროკონტროლის პროექტის ლიდერის, ვილჰელმ იაგრიჩის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის ეს ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის, საქართველოსთვის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის. გვინდა ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში ჩავდოთ. საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ავიაციის, ევროპული სტანდარტების დანერგვისა და მათი უსაფრთხოების კუთხით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ავიაციის სექტორისთვის, არამედ განვითარების ზრდის კუთხით. ეს შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ინტერესებში“, - განაცხადა ვილჰელმ იაგრიჩმა.