მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში 4,3 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა

ვიმედოვნებ, ერთობლივად შევძლებთ გადავდგათ ნაბიჯი ჩვენი საერთო ოცნების ასახდენად, რომელიც არის უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრა და საერთო კეთილდღეობის ზრდა , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ საქართველოში ბევრი გაკეთდა, თუმცა კიდევ ძალიან ბევრი გეგმა განსახორციელებელია. ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და პირადად სირილ მიულერს საქართველოს განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ამ მხრივ, დიმიტრი ქუმსიშვილმა როგორც 90-იან წლებში, ისე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ მსოფლიო ბანკის და საქართველოს პარტნიორობის და მეგობრობის 25 წლისთავს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პერსონალურად ბატონ მიულერს. ეს არის ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წლიდან, როდესაც ვაშინგტონში გაიმართა შეხვედრა ედუარდ შევარდნაძესა და ბანკის პრეზიდენტს შორის, უკვე ესწრებოდა იმ შეხვედრას. ეს არის ადამიანი, რომლის თვალწინ განვითარდა ჩვენი ქვეყნის რეფორმები და რომელიც არის რეალური მატიანე. როგორც ბატონი მიულერი ყვება, ის ამ შენობასაც ძალიან კარგად იცნობს და 1993 წელს ის პერსონალურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად იჯდა იმისათვის, რომ თანამეგობრობისთვის ინგლისურ ენაზე მოემზადებინა წერილი და გაეგზავნა, რომ საქართველოს დახმარებოდნენ. ჩვენ ძალიან ვაფასებთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას როგორც ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების, ასევე კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ბანკმა 4,3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ინვესტიციამ 1,8 მილიარდზე მეტი შეადგინა.

„მე აღვნიშნე 1993 წელი, 90-იანი წლები და არ შემიძლია არ გავიხსენო 2008 წელი, როდესაც აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში მსოფლიო ბანკის როლი იყო ფასდაუდებელი ბრიუსელის დონორთა კონფერენციის ორგანიზებაში, რომლის დროსაც საქართველოს განვითარების სხვადასხვა პარტნიორობების მხრიდან პოსტკრიზისულ პერიოდში დაახლოებით 4,5 აშშ დოლარის მხარდაჭერა იქნა მობილიზებული. საქართველოსთვის ამ უპრეცედენტო მასშტაბის მხარდაჭერით, ქვეყანამ შედარებით სწრაფად შეძლო კრიზისის დაძლევა და თავიდან იქნა აცილებული ის მძიმე ეკონომიკური შედეგი, რომელიც აღნიშნული მხარდაჭერის გარეშე გარდაუვალი იქნებოდა. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში განხორციელდა დაახლოებით, 4,3 დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია და არაერთი წამატებული საინვესტიციო პროექტი. საქართველოში მსოფლიო ბანკის ყველაზე ცნობადი პროექტია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც სრული დატვირთვით მიმდინარეობს. გარდა ამისა, ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია; რეაბილიტირებული იქნა არაერთი მნიშვნელოვანი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული უბანი, მასთან მისასვლელი გზები და მიმდებარე ტერიტორია; განხორციელდა კერძო სექტორის ხელშეწყობა ტურიზმის და სოფლის მეურნეობის სექტორში როგორც კახეთის, ისე იმერეთის მასშტაბით; ანალოგიური პროექტი ასევე მიმდინარეობს მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში; მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ასევე ხორციელდება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ახალციხიდან ბათუმდე; ირიგაციისა და დრენაჟის სისტემების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფორმატში რთულია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხროციელებული და მიმდინარე ყველა პროექტის ჩამოთვლა, მნიშვნელოვანია აღვნიშნო ინოვაციური პროექტი, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ინოვაციური ჰაბების და ცენტრების ქსელის განვითარებას, საქართველოს რეგიონში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების, საოჯახო მეურნეობების მიერ ფართომასშტაბიანი ინტერნეტმომსახურების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ადაპტაციისა და გამოყენების მხარდაჭერას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და პროგრამები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასთან.

„საქართველოს მთავრობის სურვილია, გაამტკიცოს მსოფლიო ბანკთან არსებული თანამშრომლობა და კვლავ გააძლიეროს მსოფლიო ბანკის მხრიდან საქართველოს მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერა, რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. დარწმუნებული ვარ, გასული წარმატებები ჩვენს მუშაობაში არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ჩვენი მომავალი ეფექტური თანამშრომლობისა“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.