თამარ ჩუგოშვილი - ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება

ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყება და შესაბამისად, კონგრესის მხარდაჭერის იმედი გვაქვს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, აშშ-ში ვიზიტისას საპარლამენტო დელეგაციას კონკრეტული ამოცანები და ორი კონკრეტული საკითხი ჰქონდა.

„პირველი - ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის თემა და მეორე - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით 10-16 სექტემბერს იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენებთან: დინა ტიტუსთან, სტივ ვომეკთან, მაიკლ კონავეისთან, რიკ ლარსენთან, ასიგნებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან ჰალ როჯერსთან, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარესთან პიტერ როსკამთან და პალატის თავმჯდომარის მოადგილესთან დევიდ პრაისთან.

შეხვედები გაიმართა, ასევე სენატარებთან კორი გარდნერთან და რონ ჯონსონთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელებთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტთან, საერთაშორისო ორგანიზაციის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) პრეზიდენტთან და გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) მთავარ ექსპერტებთან.

შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, მათ შორის საკონსტიტუციო რეფორმას, წინასაარჩევნო გარემოს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკურ და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

ამერიკულმა მხარემ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.

დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და კომიტეტის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი შედიოდნენ.