გიორგი კვირიკაშვილი - ენგურჰესს ვაქცევთ საერთაშორისო დონის ტურისტულ კომპლექსად, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი ანალოგი აშშ-ში ეყოლება

ენგურჰესს ვაქცევთ საერთაშორისო დონის ტურისტულ კომპლექსად, რომელსაც მსოფლიოში ერთადერთი ანალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებში ეყოლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ზუგდიდში, სამეგრელო - ზემო სვანეთის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ენგურჰესის ტურისტულ ცენტრს ექნება ძალიან საინტერესო, ორიგინალური და ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა.

”დარწმუნებული ვარ, ის საქართველოს ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცევა”,- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი ხორციელდება სვანეთში - მიმდინარეობს ნესკრა-ჰესის მშენებლობა.

”ეს პროექტი სრულიად ახალი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკისთვის, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე. მისი განხორციელებისთვის ჩვენს ეკონომიკაში 1 მილიარდი დოლარის ინვესტიცია შემოდის.

ჩვენ წელს გავხსენით მალთაყვას სანაპირო ზოლის ნაწილი და ფოთს შევძინეთ ახალი საკურორტო ინფრასტრუქტურა. მალთაყვას სანაპირო ზოლის მშენებლობა გრძელდება და საბოლოოდ ფოთი, საპორტო ქალაქთან ერთად, საკურორტო ქალაქის სტატუსსაც შეიძენს.

ამ რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მთლიანად მოწესრიგება. ჩვენ მომავალ წელს დავიწყებთ სამტრედია-ზუგდიდის შემოვლითი გზის მოდერნიზებას, ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის ჩათვლით. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, გაადვილდება ტრანზიტული მოძრაობა და გადაადგილება გახდება უფრო უსაფრთხო.

ჩვენ ასევე ვახორციელებთ მასშტაბურ პროექტებს იმისათვის, რომ საბოლოოდ გადავჭრათ წყალმომარაგების პრობლემა ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, აბაშაში, მესტიაში, ჯვარში. წყლის პრობლემა უკვე მოვაგვარეთ ანაკლიაში, სადაც მოსახლეობა სარგებლობს 24-საათიანი წყალმომარაგებით. მომავალ წელს ზუგდიდისა და ჯვრის მოსახლეობას მოუგვარდება პრობლემა, რომელიც მათ ათწლეულების განმავლობაში აწუხებდათ”,- განაცხადა პრემიერმა.